4.3. პროექტის შესრულებადი ვერსიის მომზადება
პროექტის შესრულებად ვერსიაში:
1. მონაცემების ბაზის ფანჯარა გადამალულია;
2. დაპროექტების რეჟიმი მიუწვდომელია;
3. სისტემის ინსტრუმენტული პანელები მიუწვდომელია;
4. სისტემური მენიუს ბრძანებებით სარგებლობა შეუძლებელია;
5. ზოგიერთი ,,ცხელი” კლავიშებით სარგებლობა შეუძლებელია.
ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების ტექნოლოგია ჩვენ განვიხილეთ.
მონაცემთა ბაზის მომზადება პროექტის შესრულებადი ვერსიისთვის და კომპილირებული ვარიანტის შექმნა
1. დანართის შექმნა;
2. საცნობარო ფაილის შექმნა;
3. დანართის ტესტირება;
4. დანართის MDE ფაილის სახით წარმოდგენა;
5. სადისტრიბუციო დისკის მომზადება Packaging Wizard-ის საშუალებით;
დანართის, საცნობარო ფაილის შექმნის და დანართის ტესტირების შემდეგ შექმნით დანართი MDE ფაილის სახით. MDE ფაილის სახით წარმოდგენილი დანართი კომპილირებული ფაილია, მასში საპროექტო ცვლილებების შეტანა შეუძლებელია. MDE ფაილის შესაქმნელად გააღეთ თქვენს მიერ შექმნილი Accdb გაფართოების ბაზა და დანართში DataBase Tools დააწკაპუნეთ ღილაკზე Make ACCDE.
MDF ფაილის შექმნის შემდეგ შესაძლებელია ინტერფეისის შექმნის და სხვა პარამეტრების დაყენება.
4.4. მრავალმომხმარებლიან რეჟიმში მუშაობა
კლიენტ-სერევერული ტექნოლოგიის დროს Access იდეალურია კლიენტის ინტერფეისის როლში. სერვერად Access ან მონაცემების ბაზების მართვის სხვა სისტემა გამოიყენება. სერვერად Access-ის გამოყენებისას და შესაბამისად ფაილ-სერვერული ტექნოლოგიის რეალიზაციისას, სისტემის მწარმოებლურობის ამაღლების მიზნით მიზანშეწონილია დაცული იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
- სერვერზე მხოლოდ ცხრილები იქნეს მოთავსებული;
- კლიენტის მანქანაზე ჩაწერილი იქნეს სისტემის პროექტი: ფორმები, ანაგარიშგებები, შეკითხვები, შენახული პროცედურები და წარმოდგენები, მაკროსები, მოდულები.
სისტემის რეალიზაციას ამ იდეოლოგიით შემდეგი უპირატესობა გააჩნია:
- გამოთვლითი ქსელით კლიენტის მანქანაზე გადაეცემა მხოლოდ მონაცემები. ქსელით არ ხორციელდება ფორმების, ანაგარიშგებების და სხვა კლიენტის მანქანაზე გადაცემა. ეს ამცირებს ქსელის დატვირთვას და უზრუნველყოფს მრავალი მომხარებლის დაუბრკოლებრივ მუშაობას;
- მონაცემების ბაზაში (ცხრილებში) ცვლილები მხოლოდ სერვერზე ფიქსირდება;
- ფაილ-სერვერული ტექნოლოგიიდან კლიენ-სერვერულ ტექნოლოგიაზე გადასვლა უმტკივნეულოდ ხორციელდება.
თუ თქვენ ამუშავებთ სისტემას მრავალმომხმარებლიან რეჟიმში ექსპლოატაციისათვის, მაშინ სისტემის შემუშავების დასაწყისში ცხრილები და დანართი შექმენით სხვადასხვა ბაზებში. დანართის ტესტირების შემდეგ პროექტის სამრეწველო ექსპლოატაციის დაწყების წინ საჭიროა დანართის დაკავშირება ცხრილებთან. დაკავშირება შეიძლება განხორციელდეს Access-ში არსებული საშუალებებით, ან პროგრამულად.
Access-ში არსებული საშუალებებით დანართის ცხრილებთან დასაკავშირებლად:
- დანართის მონაცემების ბაზის ფანჯრის ცარიელ ადგილზე დააწკაპუნეთ თაგუნას მარჯვენა ღილაკზე. გამოვა კონტექსტური მენიუ, რომელშიც მონიშნეთ სტრიქონი Link Tables (ცხრილებთან კავშირი). გამოვა დიალოგური ფანჯარა Link;
- მონიშნეთ ცხრილების შემცველი მონაცემების ბაზა და დააჭირეთ ღილაკს Link. გამოვა დიალოგური ფანჯარა Link Tables;
- მონიშნეთ ცხრილები, რომლებთანაც კავშირი უნდა იქნეს დამყარებული და დააჭირეთ ღილაკს OK.
დანართის ბაზაში გამოჩნდება დაკავშირებული ცხრილების იარლიყები.
შეიძლება დანართი ცხრილებთან ერთად იქნეს შემუშავებული და ტესტირებული (უმრავლეს შემთხვევაში ასე ხდება) და შემდეგ განხორციელდეს ცხრილების გამოყოფა დანართისგან ცალკე ბაზად. ცხრილების გამოსაყოფად:
ბაზის გაყოფა
- გააღეთ დაპროექტებული მონაცემების ბაზა 2007 წლის ვერსიაში;
- მონიშნეთ ჩანართი Database Tools. ჩანართის ჯგუფში Move Data დააწკაპუნეთ ღილაკზე Access Database. გამოვა დიალოგური ფანჯარა Database Splitter/სურ. 4.16/