შესავალი
    
       Office-ს ნებისმიერი დანართის განუყოფელი ნაწილია დაპროგრამების VBA ენის რედაქტორი.  VBA-ზე ხორციელდება მონაცემების ბაზებში, კერძოდ Access-ში დაპროგრამება და სამრეწველო პირობებში გამოყენებადი, მრავალმომხმარებლიან რეჟიმში მომუშავე პროგრამული პროდუქტის შექმნა.  Access-ში პროფესიული დაპროგრამების საკითხებისადმი მიძღვნილი არცთუ მრავალრიცხოვანი ლიტერატურიდან[1-4] შეიძლება გამოვყოთ Alison Balter’s-ის წიგნი[4]. მასში  საკმაოდ დეტალურადაა განხილული Access 2007-ის გარემოში მონაცემების ბაზის შექმნის, ექსპლოატაციის, ოპტიმიზაციის, დაპროგრამებისა და რეალიზაციის საკითხები. ფაქტობრივად წიგნი ორი ნაწილისგან შედგება: მონაცემების ბაზის დაპროექტება არაპროგრამული საშუალებებით – ბაზის შექმნა   ინდივიდუალური სარგებლობისთვის და ბაზის შექმნა პროფესიულ დონეზე ორიენტირებული ნებისმიერი მომხმარებლისთვის. Access-ის გარემოში არაპროგრამული საშუალებებით  ბაზის შექმნის საკითხისადმი  რუსულ, ინგლისურ და  სხვა ენებზე საკმაო რაოდენობის ლიტერატურაა, როგორც ნაბეჭდი, აგრეთვე ვიდეოლექციების სახით. სამწუხაროდ ქართულ ენაზე ანალოგიური ნაშრომი მიძღვნილი უახლესი,  Access 2007-ისადმი არ არსებობს. ქართულ ენაზე არ მოიძებნება ნებისმიერი ფორმით გამოცემული ნაშრომი, სტატია და სხვა, მიძღვნილი   Access-ის გარემოში პროფესიული დაპროგრამების საკითხებისადმი. წარმოდგენილ ნაშრომში პირველად ქართულ ენაზე ჩვენ მიერ  დაწვრილებითაა განხილული  Access 2007-ში პროფესიულ დონეზე ფაილ-სერვერული და კლიენტ-სერვერული ტექნოლოგიების გამოყენებით სამრეწველო დანიშნულების პროგრამული პროდუქტის შექმნის პრობლემატიკა. სიმძიმის ცენტრი გადატანილია კონკრეტული საკითხების პროგრამული რეალიზაციის თავისებურებებზე. ნებისმიერი საკითხი ილუსტრირებულია ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამებით. მაგალითები ისეა შერჩეული, რომ ისინი აღწერენ ტიპურ სიტუაციებს. 
      Office-ს დანართების შესაძლებლობების გამოყენებით ავტომატიზაციის პრობლემატიკა და ამოცანები წიგნის მეორე ნაწილშია განხილული, კერძოდ: Excel-ში არსებული ფინანსური, სტატისტიკური   ფუნქციებისა და გადაწყვეტილების მიღების მოდელირების პროგრამების საშუალებით ეკონომიკური გაანგარიშებების ავტომატიზებულად ფორმირება, გაანგარიშების შედეგების ინტრეპრეტაცია დიაგრამებით, Word-ის შესაძლებლობების გამოყენებით მოხსნებითი ბარათების ანალიტიკური ინფორმაციული შეტყობინებების და სხვათა ფორმირება. 
. . .