სარჩევი

7.6. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა

და მისი აგების პრინციპები

 

საწარმოს სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი ოპერაციების აღსარიცხავად ბუღალტრული ანგარიშები გამოიყენება. სამეურნეო ოპერაციების სიმრავლე და მრავალფეროვნება ბუღალტრული ანგარიშების სიმრავლესაც განაპირობებს. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, რაც ანგარიშების გარკვეული სისტემის ჩამოყალიბებას ნიშნავს.

ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა სამეურნეო საქმიანობის აღსარიცხავად გამოსაყენებელი და აუცილებელი ყველა  ანგარიშის სისტემატიზებული სიაა, ჩამონათვალია.

ანგარიშთა გეგმის შედგენის საფუძველია ანგარიშების კლასიფიკაცია ეკონომიკური შინაარსის მიხედვით. ანგარიშთა გეგმის საფუძველზე ეწყობა საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვის მთელი სისტემა. ანგარიშთა გეგმის მონაცემების საფუძველზე მზადდება ფინანსური ანგარიშგება, რომელიც შემდგომ გამოიყენება საწარმოს  სამეურნეო საქმიანობის ანალიზისა და საერთოდ, მომხმარებლებზე ინფორმაციის მიწოდებისათვის. სწორედ ამით აიხსნება ეკონომიკურად დასაბუთებული ანგარიშთა სისტემის გამოყენების აუცილებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს სამეურნეო საქმიანობის დამახასიათებელი მაჩვენებლების მიღებას.

      ანგარიშთა გეგმაში ანგარიშების დასახელებასთან ერთად მოცემულია მათი შიფრი (კოდი) . . სახელწოდების ციფრობრივი (სიმბოლური) აღნიშვნა. ანგარიშთა შიფრების (კოდის) გამოყენებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. იგი ამცირებს სააღრიცხვო სამუშაოთა მოცულობას, აუცილებელია ბუღალტრული დოკუმენტების დამუშავებისას, აღრიცხვის მექანიზაციის (კომპიუტერული ბუღალტრული პროგრამები) გამოყენებისას და სხვა.

      ანგარიშთა დაშიფვრის რამდენიმე ხერხია ცნობილი, რომელთაგან ძირითადია: რიგითი, სერიული, ათწილადური და კომბინირებული დაშიფვრა. ამათგან უფრო გავრცელებულს სერიული დაშიფვრა წარმოადგენს. ანგარიშების სერიული დაშიფვრის დროს დაშიფვრა რიგითი ნომრების გამოყენებით ხდება და შიფრის (კოდის) შემადგენლობაში შემავალ თითოეულ ციფრს თავისი მნიშვნელობა აქვს. შიფრი (კოდი) შეიძლება იყოს ორნიშნა, სამნიშნა, ოთხნიშნა და .. სერიული წესით ანგარიშების დაშიფვრისას აღრიცხვაში გამოსაყენებელი ანგარიშების საერთო რაოდენობა ჯგუფებად, კერძოდ, ათ ჯგუფად იყოფა. თითოეულ ჯგუფში ეკონომიკური შინაარსით მსგავსი ათი ანგარიში გაითვალისწინება. ასეთივე წესით შეიძლება მოხდეს თითოეული ანგარიშის შემდგომი დეტალიზაციაც.

      ბასს-ით რეგლამენტირებულია მხოლოდ ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა, რომლის დაცვა სავალდებულოა მაშასადამე, ნებისმიერ საწარმოს, მეწარმეს უფლება აქვს თავად შეიმუშავოს და სააღრიცხვო პოლიტიკით განსაზღვროს მისთვის გამოსაყენებლად აუცილებელი ანგარიშთა გეგმა, ბასს-ით დადგენილი სტრუქტურის ფარგლებში.         

      მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებული გარკვეული სიძნელეების გამო, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ 1999 წლის 12 აგვისტოს დამტკიცდა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ შემუშავებული ანგარიშთა გეგმა (იხ. დანართი 2), რომელიც ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სავალდებულოა გამოსაყენებლად კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის.

 სარჩევი