7.4. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშების კლასიფიკაცია
ბუღალტრულ აღრიცხვაში ცალკეული სახის აქტივებისა და მათი ფორმირების წყაროების არსებობისა და მოძრაობის აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიშთა სისტემა. აღრიცხვაში გამოსაყენებელი ანგარიშების შერჩევა დაკავშირებულია საწარმოს საქმიანობის ხასიათსა და წარმოების ორგანიზაციაზე. ეს ანგარიშები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მაგრამ ანგარიშთა საერთო რიცხვიდან შეიძლება გამოვყოთ ცალკეული ჯგუფები, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი მაინც აქვთ. ასეთი დაყოფა ბუღალტრული ანგარიშების შესწავლისა და დახასიათების საშუალებას მოგვცემს ცალკეული, კონკრეტული ანგარიშის განხილვის გარეშე. თუ ანგარიშებს დავაჯგუფებთ ერთგვაროვანი ნიშნების მიხედვით, ე.ი. მოვახდენთ მათ კლასიფიკაციას, თითოეული ჯგუფიდან ზედმიწევნით შევისწავლით რამდენიმე ანგარიშს მაინც მათი შინაარსის, სტრუქტურისა და გამოყენების წესის მიხედვით, შეგვიძლია წარმოდგენა ვიქონიოთ აღნიშნულ ჯგუფში შემავალ ყველა ანგარიშზე. მაშასადამე, ბუღალტრული ანგარიშების კლასიფიკაცია ანგარიშთა დაჯგუფებაა ერთგვაროვანი ნიშნების მიხედვით. ბუღალტრული ანგარიშების კლასიფიცირება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით შეიძლება მოხდეს. ანგარიშთა კლასიფიცირების შემდეგი ძირითადი ნიშნები გამოიყენება:
1. ფინანსურ ანგარიშგებასთან დამოკიდებულების მიხედვით; 2. ბალანსთან დამოკიდებულების მიხედვით; 3. მათში ასახული ობიექტების განზოგადების ზომისა და ბუღალტრულ რეგისტრებთან დამოკიდებულების მიხედვით; 4. ეკონომიკური შინაარსის მიხედვით; 5. მათი სტრუქტურისა და დანიშნულების მიხედვით.
1. ფინანსურ ანგარიშგებასთან დამოკიდებულების მიხედვით ანგარიშები ჯგუფდება ნომინალურ და რეალურ ანგარიშებად. ანგარიშები, რომლებსაც საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს რჩებათ სალდო, რომელიც ბალანსში გადაიტანება, რეალურ ანუ მუდმივ ანგარიშებად იწოდებიან; ხოლო ანგარიშები, რომლებიც ასახავენ საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საკუთარი კაპიტალის ცვლილებას, ნომინალური (დროებითი) ანგარიშები ეწოდებათ. რეალური ანუ მუდმივი ანგარიშებია აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ამსახველი ანგარიშები. ნომინალურ (დროებით) ანგარიშებს კი, შემოსავლების, ხარჯებისა და კაპიტალის ამოღების ანგარიშები მიეკუთვნებიან.
2. ბუღალტრულ ბალანსთან დამოკიდებულების მიხედვით ანგარიშები ჯგუფდება საბალანსო და ბალანსგარეშე ანგარიშებად. საბალანსო ანგარიშები ეწოდება ისეთ ანგარიშებს, რომლებიც ასახავენ საწარმოს აქტივებსა და მათი ფორმირების წყაროებში მომხდარ ცვლილებებს. საბალანსო ანგარიშები შეიტანება ბუღალტრულ ბალანსში. მათ მთავარ ანგარიშებსაც უწოდებენ. მაგალითად, ასეთი ანგარიშებია: ძირითადი საშუალებების ანგარიში, საკუთარი კაპიტალის ანგარიში, ვალდებულებები მოწოდებითა და მომსახურებით, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, გადასახდელი ხელფასი, გადასახდელი მოგების გადასახადი, სესხების ანგარიში, მასალების ანგარიში, მზა პროდუქციის ანგარიში და სხვა. ბალანსგარეშე ანგარიშები გამოიყენება ისეთი რესურსების აღსარიცხავად, რომლებიც საწარმოში დროებით ირიცხებიან, მაგრამ მის კუთვნილებას არ წარმოადგენს და არც საკუთარი საწარმოო საჭიროებისათვის გამოყენების უფლება აქვთ. მაშასადამე, ასეთ რესურსებს არავითარი ცვლილება არ შეაქვთ აღნიშნული საწარმოს ბუღალტრულ ბალანსში, ისინი აღირიცხება ბალანსის ცხრილის გარეთ. ასეთი ანგარიშებია: საპასუხისმგებლო შესანახად მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობანი; საკომისიოდ მიღებული საქონელი; მოკლევადიანი იჯრით აღებული ძირითადი საშუალებები; გადასამუშავებლად მიღებული მასალები; დასამონტაჟებლად მიღებული მოწყობილობა და სხვა. Óსაბალანსო ანგარიშებთან შედარებით, განსხვავებულია ბალანსგარეშე ანგარიშების წარმოების წესიც. მათში სამეურნეო ოპერაციებით გამოწვეული ცვლილებების ჩაწერა ხდება არა ორმაგი ჩაწერის, ანუ დიგრაფიული მეთოდით, არამედ ერთმაგი ჩაწერის, ანუ უნიგრაფიული მეთოდის გზით. ბალანსგარეშე ანგარიშები აქტიური ანგარიშებია, რადგანაც მატერიალურ ფასეულობებს აღრიცხავენ და ამ ფასეულობათა მიღება ჩაიწერება დებეტის მხარეს,Íხოლო გაცემა _ კრედიტის მხარეს.
3. ანგარიშების კლასიფიცირება ხდება მათში ასახული ობიექტების განზოგადების ზომისა და ბუღალტრულ რეგისტრებთან დამოკიდებულების მიხედვით. აღრიცხვაში გამოიყენება ანგარიშები, რომლებიც აღრიცხვის ობიექტებს, აქტივებსა და ვალდებულებებს ასახავენ განზოგადებულად ფულადი გამოსახულებით; ისინი ბუღალტრული აღრიცხვის მთავარ რეგისტრში (წიგნში) განთავსდებიან და ამიტომ მათ მთავარი წიგნის (რეგისტრის) ანგარიშებს უწოდებენ. იმის გამო, რომ მთავარი წიგნის (რეგისტრის) ზოგიერთი ანგარიში სამეურნეო ოპერაციების შედეგად გამოწვეულ ცვლილებებს განზოგადებულად ასახავს, მათ ნაერთ, სინთეზურ ანგარიშებს უწოდებენ. ზოგიერთ ანგარიშში იგივე აქტივები და ვალდებულებები დაშლილად, დანაწილებულად აისახება თითოეული კონკრეტული ობიექტის მიხედვით, როგორც ფულადი, ასევე ნატურალური საზომით. ასეთი ანგარიშები თავსდება ბუღალტრული აღრიცხვის არა მთავარ რეგისტრში (წიგნში), არამედ დამხმარე რეგისტრში (წიგნში). ამიტომ მათ დამხმარე რეგისტრის ანგარიშებს უწოდებენ. დამხმარე რეგისტრი (წიგნი) ცალკე იწარმოება მთავარი რეგისტრის (წიგნის) ერთი რომელიმე ნაერთი ანგარიშისათვის, მაგალითად, ცალკე დამხმარე რეგისტრი (წიგნი) იწარმოება ანგარიშისათვის "მოთხოვნები მიწოდებით და მომსახურებით". ასეთ დამხმარე რეგისტრში (წიგნში) თითოეულ დებიტორს ცალცალკე ანგარიში გაეხსნება. ასევე, ცალკე დამხმარე რეგისტრი (წიგნი) იწარმოება მთავარი რეგისტრის (წიგნის) ნაერთი ანგარიშისათვის "ვალდებულებები მიწოდებითა და მომსახურებით" და ა.შ. იმის გამო, რომ დამხმარე რეგისტრის (წიგნის) ანგარიშებში აღრიცხვა დაშლილად, დანაწევრებულად სწარმოებს, მათ ანალიზურ ანგარიშებსაც უწოდებენ.
4. ანგარიშთა კლასიფიკაციის განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანგარიშების დაჯგუფებას ეკონომიკური შინაარსის მიხედვით. ანგარიშების კლასიფიკაციას ეკონომიკური შინაარსის მიხედვით საფუძვლად ედება ამ ანგარიშებში ასახული ობიექტების შინაარსი. ამ ნიშნის მიხედვით ანგარიშების კლასიფიკაცია მეტად მნიშვნელოვანია. იგი საშუალებას იძლევა განისაზღვროს სამეურნეო რესურსები კვლავწარმოების რომელ სტადიაზე და რა ოდენობით იმყოფება, რა სახის წყაროების მეშვეობით ხდება მათი ფორმირება. აღნიშნული ნიშნით ანგარიშების დაჯგუფება აუცილებელია ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნითაც. ეკონომიკური შინაარსის მიხედვით ანგარიშების დაჯდუფებისას შეიძლება გამოვყოთ ანგარიშთა შემდეგი ძირითადი ჯგუფები: 1. აქტივების ამსახველი ანგარიშები; 2. საკუთარი კაპიტალის ამსახველი ანგარიშები; 3. ვალდებულებების ამსახველი ანგარიშები; 4. შემოსავლების ამსახველი ანგარიშები; 5. ხარჯების ამსახველი ანგარიშები.
აქტივების ამსახველი ანგარიშები ე. წ. აქტიური ანგარიშებია. მათი დამახასიათებელი თავისებურებაა ის, რომ ამ ანგარიშებში ნორმალური (ძირითადი) ჩანაწერი კეთდება დებეტის მხარეს; ზრდის ამსახველი ოპერაციები ჩაიწერება დებეტში, შემცირების ამსახველი ოპერაციები ჩაიწერება კრედიტში, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის ამ ანგარიშებს შეიძლება ჰქონდეთ (თუ ასეთს ადგილი ექნება) სადებეტო სალდო (ნაშთი). აქტივების ანგარიშები, მათში ასახული სამეურნეო ოპერაციათა ეკონომიკური შინაარსის მიხედვით, თავის მხრივ იყოფა: · ძირითადი საშუალებების ანგარიშებად; · საბრუნავი საშუალებების ანგარიშებად. მაშასადამე, ანგარიშთა ამ ჯგუფში გაერთიანებულია საწარმოს რესურსების ამსახველი ყველა ანგარიში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი სახის რესურსებს აღრიცხავენ ისინი. ძირითადი საშუალებების ამსახველ ანგარიშებს მიეკუთვნება: ძირითადი საშუალებების ანგარიშები (ჯგუფების მიხედვით); ძირითადი საშუალებების ცვეთისა და ამორტიზაციის ანგარიშები. ისინი ახასიათებენ ძირითადი საშუალებების ამა თუ იმ მხარეს. ძირითადი საშუალებების ანგარიშებზე აღირიცხება საწარმოს განკარგულებაში არსებული საწარმოო და არა საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებები, მათი მოძრაობა და არსებობა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში, პირვანდელი ანუ ისტორიული ღირებულებით. გარდა ამისა, ძირითადი საშუალებების აღრიცხვისას, მათი დახასიათებისას რიგი სხვა მონაცემებიცაა საჭირო. მაგალითად, ამ საშუალებების ცვეთისა და ამორტიზაციის დონე. ამ მიზნით გამოიყენება ძირითადი საშუალებების ცვეთისა და ამორტიზაციის ანგარიშები, რომლებიც ასახავენ ძირითად საშუალებათა ამორტიზაციისა და ცვეთის თანხას მათი გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში და საშუალებას იძლევიან ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულების განსაზღვრისათვის. ანგარიშების ამავე ჯგუფს მიეკუთვნება არამატერიალური აქტივების ანგარიშები; არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის ანგარიშები. საბრუნავი საშუალებების ამსახველი ანგარიშებია: · სასაქონლო-მატერიალური მარაგების ანგარიშები; · ფულადი საშუალებების ანგარიშები; · მოთხოვნების ანგარიშები;
სასაქონლო-მატერიალური მარაგების ამსახველი ანგარიშებია: საქონლის ანგარიში, მასალების ანგარიში, დაუმთავრებელი წარმოების ანგარიში, მზა პროდუქციის ანგარიში.
ფულადი საშუალებები საწარმოს შეიძლება ჰქონდეს ნაღდი ფულის სახით საწარმოს სალაროში ან ინახავდეს ბანკში, ამ მიზნით გახსნილ შესაბამის ანგარიშებზე, ვალუტის სახეების მიხედვით. აქედან გამომდინარე, ფულადი საშუალებების ამსახველი ანგარიშებია: ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში, ნაღდი ფული უცხოურ ვალუტაში; ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში; უცხოური ვალუტა რეზიდენტ ბანკში; უცხოური ვალუტა არარეზიდენტ ბანკში; ფული სხვა საბანკო ანგარიშებზე.
მოთხოვნების ანუ დებიტორული დავალიანებების ამსახველი ანგარიშებია: მოთხოვნები მიწოდებით და მომსახურებით; მოთხოვნები პერსონალის მიმართ; გაცემული ავანსები; დარიცხული მოთხოვნები და სხვა.
საკუთარი კაპიტალის ანგარიშები საწარმოს რესურსების ფორმირების საკუთარ წყაროებს ასახავენ. ისინი თავიანთი ბუნებით პასიური ანგარიშებია. მათი დამახასიათებელი თავისებურებაა ის, რომ ამ ანგარიშებში ნორმალური (ძირითადი) ჩანაწერი კეთდება კრედიტის მხარეს, ზრდის ამსახველი ოპერაციები ჩაიწერება კრედიტში, შემცირების ამსახველი ოპერაციები ჩაიწერება დებეტში, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის ამ ანგარიშებს შეიძლება ჰქონდეთ (თუ ასეთს ადგილი ექნება) საკრედიტო სალდო (ნაშთი). ასეთებია, საკუთარი კაპიტალის ამსახველი ანგარიშები: საწესდებო კაპიტალის ანგარიში, სარეზერვო კაპიტალის ანგარიში, გაუნაწილებელი მოგების ანგარიში და ა.შ..
ვალდებულებების ამსახველი ანგარიშები საწარმოს მოზიდული სახსრების წყაროებს წარმოადგენენ. ისინი თავიანთი ბუნებით პასიური ანგარიშებია. მათი დამახასიათებელი თავისებურებაა ის, რომ ამ ანგარიშებში, მსგავსად კაპიტალის ანგარიშებისა, ნორმალური (ძირითადი) ჩანაწერი კეთდება კრედიტის მხარეს, ზრდის ამსახველი ოპერაციები ჩაიწერება კრედიტში, შემცირების ამსახველი ოპერაციები ჩაიწერება დებეტში. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის ამ ანგარიშებს შეიძლება ჰქონდეთ (თუ ასეთს ადგილი ექნება) საკრედიტო სალდო (ნაშთი). მოზიდულ საშუალებათა წყაროების ამსახველი ანგარიშები იყოფა: ნასესხებ საშუალებათა ანგარიშებად, რომლებიც ასახავენ საწარმოს ვალდებულებებს საკრედიტო დაწესებულებების, სხვა საწარმოების, ორგანიზაციების ან პირების მიმართ, მათგან მიღებული სესხებით. ასეთი ანგარიშებია: მოკლევადიანი სესხების ანგარიშები; გრძელვადიანი სასესხო ვალდებულებების ანგარიშები; მოზიდულ საშუალებათა წყაროების ამსახველი ანგარიშების მეორე ჯგუფს მიეკუთვნება სავაჭრო და სხვა კრედიტორული დავალიანებების ამსახველი ანგარიშები: ვალდებულებები მოწოდებითა და მომსახურებით, მიღებული ავანსები, გადასახდელი ხელფასი, გადასახდელი პროცენტები, გადასახდელი დივიდენდები და სხვა. აგრეთვე, ამავე ჯგუფს მიეკუთვნება საგადასახადო ვალდებულებების ამსახველი ანგარიშები: გადასახდელი მოგების გადასახადის ანგარიში, გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ანგარიში, გადასახდელი დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ანგარიში, სოციალური გადასახადის (დ.ღ.გ.) ანგარიში და სხვა. შემოსავლების ამსახველი ანგარიშები საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს მიერ მიღებულ, აღიარებულ შემოსავლებს ასახავენ. შემოსავალი საწარმომ შეიძლება მიიღოს საოპერაციო ანუ ძირითადი საქმიანობიდან, არასაოპერაციო საქმიანობიდან და გაუთვალისწინებელი ანუ არაორდინალური შემოსავლების სახით. საოპერაციო ანუ ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღსარიცხავად გამოიყენება ანგარიში ჴ შემოსავალი რეალიზაციიდან. არასაოპერაციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღსარიცხავად გამოყენებულია ანგარიშები, რომლებიც იხსნება შემოსავლის ცალკეული სახეობის მიხედვით. მაგალითად: საპროცენტო შემოსავლების ანგარიში, დივიდენდების ანგარიში და სხვა. ანალოგიურად გაიხსნება გაუთვალისწინებელი ანუ არაორდინალური შემოსავლების ამსახველი ანგარიშები მათი ცალკეული სახეების მიხედვით: მაგალითად, სტიქიური უბედურების შედეგად მიღებული შემოსავლები. შემოსავლების ანგარიშები თავიანთი ბუნებით პასიური ანგარიშებია. მათი დამახასიათებელი თავისებურებაა ის, რომ ამ ანგარიშებში ნორმალური (ძირითადი) ჩანაწერი კეთდება კრედიტის მხარეს, ზრდის ამსახველი ოპერაციები ჩაიწერება კრედიტში, შემცირების ამსახველი ოპერაციები ჩაიწერება დებეტში. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემოსავლების ანგარიშები უნდა განულდეს, ე.ი. დაიხუროს, რადგან ისინი ნომინალური ანუ დროებითი ანგარიშებია.
ხარჯების ამსახველი ანგარიშები საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს მიერ გაწეული ხარჯების აღსარიცხავად გამოიყენება. თავიანთი ბუნებით ისინი აქტიური ანგარიშებია. მათი დამახასიათებელი თავისებურებაა ის, რომ ამ ანგარიშებში ნორმალური (ძირითადი) ჩანაწერი კეთდება დებეტის მხარეს, ზრდის ამსახველი ოპერაციები ჩაიწერება დებეტში, შემცირების ამსახველი ოპერაციები ჩაიწერება კრედიტში, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, მსგავსად შემოსავლების ამსახველი ანგარიშებისა, ხარჯების ანგარიშებიც უნდა განულდეს, ე.ი. დაიხუროს, რადგან ისინიც ნომინალური ანუ დროებითი ანგარიშებია. ხარჯების ამსახველი ანგარიშები საწარმოს საქმიანობის მიხედვით ჯგუფდება. ისინი შეიძლება დაიყოს საოპერაციო ანუ ძირითადი საქმიანობის, არასაოპერაციო საქმიანობის და გაუთვალისწინებელი ანუ არაორდინალური საქმიანობის ხარჯების ამსახველ ანგარიშებად.
საოპერაციო ანუ ძირითადი საქმიანობის ხარჯების ამსახველი ანგარიშები თავის მხრივ იყოფა: · პროდუქციის (საქონლის) თვითღირებულების ამსახველ ანგარიშებად; · მიწოდების ხარჯების ამსახველ ანგარიშებად; · საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების ამსახველ ანგარიშებად;
თითოეული მათგანი აერთიანებს ანგარიშებს, რომლებიც დანახარჯთა ცალკეული სახის, ელემენტის მიხედვით იწარმოება. მაგალითად, მასალების ხარჯი, ხელფასის ხარჯი, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი, რემონტის ხარჯი, რეკლამის ხარჯი და სხვა. ამ ანგარიშების მეშვეობით ხორციელდება დანახარჯების აღრიცხვა, გაიანგარიშება დამზადებული (შეძენილი) და რეალიზებული პროდუქციის (საქონლის) თვითღირებულება. არასაოპერაციო ხარჯების ამსახველი ანგარიშებია: საპროცენტო ხარჯების ანგარიში, არასაოპერაციო ზარალი და სხვა. ხოლო გაუთვალისწინებელი ანუ არაორდინალური ხარჯების აღსარიცხავად გამოიყენება განსაკუთრებული ხარჯების ანგარიშები, კონკრეტული ხარჯის სახელწოდებით. |