6.1. ბალანსირების პრინციპები. ბუღალტრული ბალანსი
ბუღალტრული აღრიცხვის საგნის დაკონკრეტების მიზნით უნდა შევისწავლოთ რა სახის რესურსებს (საშუალებებს) ანუ აქტივებს განაგებს საწარმო და საიდან რა წყაროებიდან იღებს იგი მას, რა პროცესები და სამეურნეო ოპერაციები ხორციელდება საწარმოში. ბალანსირება თანასწორობას ნიშნავს და ბუღალტრულ აღრიცხვაში ბალანსირების პრინციპი შემდეგი ტოლობით გამოიხატება:
ა ქ ტ ი ვ ე ბ ი = კ ა პ ი ტ ა ლ ი
აქტივები სამეურნეო სუბიექტის ეკონომიკურ რესურსებს წარმოადგენენ, რომლებიც მისი საკუთრებაა, მის განკარგულებაშია ან მის მიერ კონტროლირებადია, ღირებულება გააჩნია და სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად გამოიყენება. აქტივებს მიეკუთვნება: მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, პატენტები, ლიცენზიები, ფასიანი ქაღალდები, მასალები, მზა პროდუქცია, საქონელი, ფულადი საშუალებები, მოთხოვნები (მისაღები ანგარიშებ) და ა.შ. ტოლობის მეორე მხარე, ,,კაპიტალი” საკუთარი და მოზიდული კაპიტალისაგან (ვალდებულებებისაგან) შესდგება. ისინი მართალია, საერთოდ საწარმოს კაპიტალის შემადგენელი ნაწილებია, მაგრამ შინაარსით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და აქედან გამომდინარე, უმჯობესია ბალანსირების პრინციპი შემდეგი ტოლობით გამოისახოს:
აქტივები = ვალდებულებები + მფლობელთა კაპიტალი
აღნიშნული ტოლობა ფინანსური ანგარიშგების ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბუღალტრული ბალანსისთვის არის დამახასიათებელი და ამიტომ მას საბალანსო ტოლობასაც (ბალანსის ფორმულას) უწოდებენ. ბალანსი ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ერთერთი ელემენტია, რომელიც დროის განსაზღვრული მომენტისათვის განზოგადებულად, ფულადი საზომით ასახავს საწარმოს აქტივებს, ვალდებულებებსა და კაპიტალს. ზოგადად, ბალანსი საწარმოს ფინანსურ პოზიციებს ასახავს, დროის განსაზღვრული მომენტისათვის, გამოხატულს ფულადი ფორმით. ბუღალტრული ბალანსის მომზადება ბუღალტრული აღრიცხვის ერთერთი ძირითადი პრინციპის - ფულადი შეფასების პრინციპის საფუძველზე ხდება. ამ პრინციპის გათვალისწინებით, ბალანსში აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი ეროვნულ ვალუტით აისახება. ბუღალტრულ ბალანსში ასახული აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი ახასიათებს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას. ბუღალტრული ბალანსი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოსათვის მზადდება. ჩვეულებრივ, საანგარიშგებო პერიოდად სრული 12 თვე (წელი) იგულისხმება. ბალანსში საწარმოს აქტივები და მათი ფორმირების წყაროები ბუღალტრული აღრიცხვის ერთ ერთი ძირითადი პრინციპის - ორმხრივობის პრინციპის საფუძველზე აისახება. აქედან გამომდინარე, ბუღალტრულ ბალანსს ორი მხარე აქვს. ერთ მხარეს აქტივები აისახება, ხოლო მეორე მხარეს _ ვალდებულებები და კაპიტალი. ბალანსში აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის თითოეულ დასახელებას ბალანსის მუხლი ეწოდება. აქტივები ბუღალტრულ ბალანსში გრძელვადიან და მოკლევადიან (მიმდინარე) აქტივებად ჯგუფდება. გრძელვადიანი აქტივები ბალანსში მატერიალური, არამატერიალური და ფინანსური აქტივების სახითაა წარმოდგენილი. გრძელვადიანი მატერიალური აქტივებია ძირითადი საშუალებები, რომელიც ბალანსში ან ზოგადი სახელწოდებით, ან გამსხვილებული ჯგუფების, მიწა, შენობა _ ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ. მიხედვით აისახება. ძირითადი საშუალებების მსგავსად, ზოგადი სახელწოდებით, ან გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით აისახება ბალანსში არამატერიალური აქტივები. ასეთი ჯგუფები შეიძლება იყოს: ლიცენზიები, კონცესიები, პატენტები, გუდვილი და ა.შ. მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები ბალანსში აისახება სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, მოთხოვნების, ფულადი საშუალებებისა და მათი ექვივალენტების სახით. აქტივების მსგავსად, ვალდებულებებიც ბუღალტრულ ბალანსში გრძელვადიან და მოკლევადიან ვალდებულებებად ჯგუფდება. გრძელვადიან ვალდებულებებს გრძელვადიანი სესხები და სხვა კრედიტები მიეკუთვნება. მოკლევადიანი ვალდებულებებია: მოკლევადიანი სესხები, სავაჭრო და სხვა კრედიტორული დავალიანებები, საგადასახადო ვალდებულებები და ა.შ.. საკუთარი კაპიტალის ბალანსში ასახვა თავისებურებით ხასიათდება და იგი საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზეა დამოკიდებული. კაპიტალი ბუღალტრულ ბალანსში შეიძლება შემდეგი მუხლებით იყოს წარმოდგენილი: საწესდებო კაპიტალი, ან სააქციო კაპიტალი, გაუნაწილებელი (რეინვესტირებული) მოგება, სარეზერვო კაპიტალი. ბალანსში მუხლები ლიკვიდურობის პრინციპით ჯგუფდება. ლიკვიდურობა ფულად გადაქცევის სისწრაფეს, უნარს ნიშნავს. ბასს-ით ბალანსში მუხლები შეიძლება განთავსდეს ლიკვიდურობის ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით. ორივე მიდგომა დასაშვებია და არ იზღუდება. სიტყვა "ბალანსი" ლათინური წარმოშობისაა და "ორთეფშოვანს" ნიშნავს. იგი თანატოლობის მნიშვნელობით გამოიყენება და ბალანსის მხარეების ჯამის ტოლობით გვევლინება. ბალანსის თითოეული მხარის ჯამს ბალანსის ვალუტა ან ერთმანეთის ტოლობიდან გამომდინარე, უბრალოდ, ბალანსი ეწოდება. საერთოდ, ნებისმიერი ანგარიშგება და მ. შ. ბუღალტრული ბალანსი, მოიცავს სათაურს, ძირითადი განაყოფებისა და ქვეგანაყოფების დასახელებებს. სათაურში მოცემული უნდა იყოს: 1. საწარმოს დასახელება და იურიდიულ-სამართლებრივი ფორმა; 2. ფინანსური ანგარიშგების დასახელება; 3. შედგენის თარიღი ან დროის პერიოდი, რომელსაც ანგარიშგება მიეკუთვნება. ბალანსის სათაურში მოცემული უნდა იყოს, რომელი საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას ასახავს იგი და რომელი თარიღისათვის. მართალია, ბალანსის შედგენის თარიღის შემდეგ მომხდარი ოპერაციების შედეგად აქტივები, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ბალანსის ტოლობა არ დაირღვევა და აქტივები ისევ ტოლი იქნება ვალდებულებებს პლიუს საკუთარი კაპიტალი. ფორმის მიხედვით, ბალანსი შეიძლება მომზადდეს:
· ჰორიზონტალური (ორმხრივი) ფორმატით; · ვერტიკალური (ცალმხრივი) ფორმატით.
ცხადია, ბალანსის ორივე ფორმატი გამოიყენება, მაგრამ სადღეისოდ, პრაქტიკულად, ვერტიკალური ფორმატია გავრცელებული. ჰორიზონტალური ფორმატის ბალანსს ორი მხარე აქვს. ერთ მხარეს მოცემულია აქტივები, მეორე მხარეს კი, ვალდებულებები და კაპიტალი. ცხრილი 2. შ.პ.ს. "საბა" ბალანსი 2008 წლის 31 დეკემბრისათვის (ჰორიზონტალური ფორმატი)
ვერტიკალური ფორმატის დროს, ბალანსში ჯერ ჩამოითვლება აქტივები, შემდეგ კი ვალდებულებები და კაპიტალი.
ცხრილი 3 შ.პ.ს. "საბა" ბალანსი 2008 წლის 31 დეკემბრისათვის (ვერტიკალური ფორმატი)
ბალანსის ძირითადი განაყოფების შემდეგ მოცემული ხაზგასმა არითმეტიკულ მოქმედებას, შეკრებას ნიშნავს, ხოლო მისი შედეგი ჯამის სახით, ხაზის ქვემოთ ან გვერდით იქნება მოცემული, მაგალითად, ,,სულ მიმდინარე აქტივები”, ,,სულ ძირითადი საშუალებები”, ,,სულ ვალდებულებები”, ,,სულ საკუთარი კაპიტალი”, რაც შეეხება ბალანსის საერთო საბოლოო ჯამს, იგი ორი ხაზის გასმით გამოიყოფა: ,,სულ აქტივები”, ,,სულ ვალდებულებები და კაპიტალი”. ამგვარი დაყოფა ინფორმაციის მომხმარებელს ბალანსის მონაცემების წინა პერიოდის შესაბამის მონაცემებთან შედარების საშუალებას აძლევს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ბალანსში კაპიტალის ასახვა კონკრეტული საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზეა დამოკიდებული. მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია საწარმოს სამი ძირითადი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა: კერძო საწარმო, ამხანაგობა და კორპორაცია. კერძო საწარმო ეს არის საწარმო, რომელიც ერთ პირს ეკუთვნის. საწარმო რომელიც ორ ან რამდენიმე პირს ეკუთვნის, ამხანაგობად იწოდება. იურიდიული თვალსაზრისით ორივე, კერძო საწარმოც და ამხანაგობაც, განუყოფელია მათი მფლობელისაგან. კორპორაცია იურიდიული პირია, იგი წესდების საფუძველზე იქმნება და თავის აქციებს ავრცელებს (ყიდის) პირებზე, რომლებიც აქციონერებად იწოდებიან. კორპორაციის საკუთარი კაპიტალი ორი ნაწილისაგან შესდგება: აქციონერთა თავდაპირველი შენატანი სააქციო (საწესდებო) კაპიტალად იწოდება, ხოლო მოგება, რომელიც არ განაწილებულა აქციონერებს შორის, გაუნაწილებელი მოგება ან სარეზერვო კაპიტალია. ბუღალტრულ ბალანსში ისინი შესაბამისად აისახება:
ინდივიდუალური საწარმოს საკუთარი კაპიტალი
ამხანაგობის საკუთარი კაპიტალი
კორპორაციის საკუთარი კაპიტალი
|