სარჩევი

5.4. ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები

 და  ელემენტები

 

      ფინანსური ანგარიშგება, რომლის მიზანი მომხმარებლებისათვის საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, მისი საქმიანობის შედეგებისა და ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ  ინფორმაციის მიწოდებაა, არის საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია მის მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს.

      ფინანსური ანგარიშგების მომზადება და მომხმარებლებისათვის წარდგენა საწარმოს ხელმძღვანელობას ევალება.

      ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებია:

 ·         ბალანსი;

·         ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ;

·         სხვა ანგარიშგებები, მაგალითად, ანგარიშგება საკუთარი კაპიტალის მოძრაობის შესახებ;

·         ანგარიშგება ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ;

·         სააღრიცხვო პოლიტიკა და ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

 ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია დაჯგუფებულია მათი ეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით. ამგვარ დაჯგუფებას ფინანსური ანგარიშგების ელემენტებს უწოდებენ.

ფინანსური ანგარიშგების ელემენტებია:

·         აქტივები;

·          ვალდებულებები;

·          საკუთარი კაპიტალი;

·          შემოსავლები;

·          ხარჯები;

    აქედან პირველი სამი ელემენტი, რომელიც საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შეფასების საშუალებას იძლევა, ბუღალტრულ ბალანსში აისახება. მაშასადამე აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალი ბუღალტრული ბალანსის ელემენტებია. საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შეფასება სწორედ ბუღალტრული ბალანსის, მისი ელემენტების საფუძველზე ხდება.

 

აქტივი არის საწარმოს განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსი, რომელიც წარსულში მომხდარი სამეურნეო მოვლენების შედეგია და რის საფუძველზეც საწარმო მოელის მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღებას.

 

ვალდებულება საწარმოს მიმდინარე პერიოდის მოვალეობაა, რომელიც წარმოიშვა წარსული სამეურნეო მოვლენების შედეგად და რომლის შესრულება გულისხმობს საწარმოს ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლას საწარმოდან.

საკუთარი კაპიტალი არის საწარმოს აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა ვალდებულების დაფარვის შემდეგ.

მოგებისა და ზარალის შესახებ ანგარიშგების ელემენტებს შემოსავლები და ხარჯები წარმოადგენენ. ისინი ასახავენ სამეურნეო საქმიანობაში მომხდარ ოპერაციებსა და მოვლენებს, რომლებმაც დროის  გარკვეული პერიოდის განმავლობაში გავლენა იქონიეს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის ცვლილებები განაპირობეს. საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლებისა და ხარჯების ერთმანეთთან დაპირისპირება საწარმოს საქმიანობის ფინანსური შედეგის განსაზღვრის საშუალებას იძლევა, რომელიც მოგების ან ზარალის სახით წარმოგვიდგება.

 შემოსავალი არის საწარმოს მიერ ეკონომიკური სარგებლის ზრდა საანგარიშგებო პერიოდში აქტივების ზრდის ან ვალდებულებების შემცირების გზით, რაც საწარმოს საკუთარი კაპიტალის გადიდებით გამოიხატება, რომელიც დაკავშირებული არაა საკუთარი კაპიტალის მფლობელთა დამატებით შენატანებთან.

შემოსავლები საწარმომ შეიძლება მიიღოს პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციიდან ამონაგების სახით, რომლებიც საწარმოს ძირითადი (საოპერაციო) საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს წარმოადგენს, ფინანსური ან საინვესტიციო საქმიანობიდან _ მიღებული დივიდენდებისა და პროცენტების, ძირითადი საშუალებების გაყიდვით მიღებული შემოსავლების  სახით და გაუთვალისწინებელი, არაორდინალური საქმიანობიდან (მაგალითად, სტიქიური უბედურების შედეგად) მიღებული შემოსავლების სახით.

 ხარჯები არის საწარმოს ეკონომიკური სარგებლის შემცირება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში აქტივების საწარმოდან გასვლის ან ვალდებულებების ზრდის საფუძველზე, რაც საწარმოს საკუთარი კაპიტალის შემცირებით გამოიხატება რომელიც მფლობელებზე კაპიტალის განაწილებასთან არაა დაკავშირებული.

მსგავსად შემოსავლებისა, ხარჯებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს საწარმოს ძირითად (საოპერაციო) საქმიანობასთან, მაგალითად რეალიზებული პროდუქციის (საქონლის, მომსახურების) თვითღირებულება, სხვა საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები; ფინანსურ ან საინვესტიციო საქმიანობასთან - გადახდილი დივიდენდები, პროცენტები და .. აგრეთვე, გაუთვალისწინებელ, არაორდინალურ საქმიანობასთან.

      ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია, მომხმარებლისათვის უფრო გასაგები და სასარგებლო რომ იყოს, მისი ელემენტები როგორც ბუღალტრულ ბალანსში, ასევე ანგარიშგებაში მოგებისა და ზარალის შესახებ, დაჯგუფებულადაა წარმოდგენილი.

      ფინანსურ ანგარიშგებაში იმ მუხლების ასახვას, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ელემენტის განმარტებას, აღიარება ეწოდება. აღიარება გულისხმობს მოცემული მუხლის სიტყვიერ და თანხობრივ ასახვას ბუღალტრულ ბალანსში ან მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში. მუხლი, რომელიც აკმაყოფილებს ფინანსური ანგარიშგების ელემენტის ცნებას, აღიარდება და მასში აისახება, თუ:

  • შესაძლებელია ამ მუხლით გამოწვეული მომავალი ეკონომიკური სარგებლის საწარმოში შემოსვლა ან საწარმოდან გასვლა

  • მუხლს გააჩნია საიმედოდ შეფასებული რიცხობრივი მნიშვნელობა.

      ბასს არ ახდენენ ანგარიშგების ფორმატის რეგლამენტირებას და მხოლოდ მისი ელემენტების შინაარსის მოკლე განმარტებებითა და მუხლების ასახვის კრიტერიუმების განსაზღვრებებით შემოიფარგლება. ასეთ კრიტერიუმად ითვლება მატერიალურობა, . . თითოეული მუხლი უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც უტყუარად შეიძლება გაიზომოს (შეფასდეს).

 

      შეფასება არის ფულადი განზომილების განსაზღვრის პროცესი, რომლის მიხედვითაც ხდება ფინანსური ანგარიშგების ელემენტების აღიარება საწარმოს ბალანსსა და მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში.

      ბასს ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების შემდეგ მეთოდებს:

 

·         პირვანდელი ღირებულებით (ფაქტიური თვითღირებულებით). ამ შემთხვევაში აქტივები შეფასდება მათი შეძენისას ან წარმოებისას გადახდილი (დახარჯული) თანხით; ვალდებულებები აისახება იმ აქტივის თანხით, რომელიც მიღებულია მოცემული ვალდებულების სანაცვლოდ;

 

·         მიმდინარე ღირებულებით. აქტივები შეფასდება და ანგარიშგებაში აისახება იმ თანხით, რომელიც საჭირო იქნებოდა საწარმოსათვის შეფასების მომენტისათვის მისი ან ანალოგიური სახის აქტივის შესაძენად. ვალდებულებები აისახება ფულადი საშუალებების არადისკონტირებული თანხებით, რომელიც საჭიროა მიმდინარე პერიოდში მის დასაფარავად;

 

·         სარეალიზაციო ღირებულებით. აქტივები აღირიცხება იმ  თანხით, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას ამ აქტივების მიმდინარე პერიოდში გაყიდვიდან. ვალდებულებები აღირიცხება არადისკონტირებული თანხით, რომელიც მის დასაფარავად უნდა იქნას გადახდილი Gჩვეულებრივი  საქმიანობის პირობებში;

 

·         დისკონტირებული ღირებულებით. აქტივები აღირიცხება არსებული დისკონტირებული ღირებულების თანხით, რომელიც Gჩვეულებრივი  საქმიანობის პირობებში მომავალში შემოსასვლელი წმინდა ფულადი საშუალებების ტოლია; ვალდებულებები აღირიცხება არსებული დისკონტირებული თანხით, რომელიც მათ დასაფარავადაა საჭირო ჩვეულებრივი  საქმიანობის პირობებში;

 

ბასს ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლად აღიარებს პირვანდელ ღირებულებას, რომელიც შედარებით სწორად ასახავს აქტივებისა და პასივების მდგომარეობას.

ბასს აღნიშნული მოთხოვნებისა და პრინციპების დაცვა ხელს შეუწყობს ანგარიშგების მომხმარებლებს მათთვის საინტერესო საწარმოსს ფინანსური მდგომარეობის შესახებ სწორი და ობიექტური სურათის მიღებაში.

რადგან ფინანსური ანგარიშგების ძირითადი მიზანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საწარმოს საქმიანობის შეფასებაა, ბასს ხსნის ისეთი კატეგორიების არსს, როგორიცაა: "ფინანსური მდგომარეობა", "ეფექტურობა", "ფინანსური მდგომარეობის ცვლილებები".

საწარმოს ფინანსური მდგომარეობა ეკონომიკური რესურსების, ფინანსური სტრუქტურის, ლიკვიდურობისა და გადახდისუნარიანობის ზემოქმედებას განიცდის. ინფორმაცია კონტროლირებადი რესურსებისა და მათი ცვლილებების  შესახებ, საწარმოს პროგნოზირების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაცია ფინანსური სტრუქტურის შესახებ, აუცილებელია მოგების განაწილებისათვის. ინფორმაცია ლიკვიდურობისა და გადამხდელუნარიანობის შესახებ, აუცილებელია საწარმოს შესაძლებლობების განჭვრეტისათვის, შეასრულოს თავისი ფინანსური ვალდებულებები.

ლიკვიდურობა, თავის მხრივ, წარმოადგენს ფულადი საშუალებების არსებობას უახლოეს მომავალში. გადამხდელუნარიანობა განსაზღვრავს ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად ფულადი საშუალებების არსებობას დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის ეფექტურობის, მომგებიანობის შესახებ, საჭიროა ეკონომიკური რესურსების შესაძლო ცვლილებების შესაფასებლად.

ინფორმაცია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ, აუცილებელია საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მისი ინვესტიციების, დაფინანსების და საოპერაციო საქმიანობისათვის.

სარჩევი