სარჩევი

5.3. ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი

მახასიათებლები

 

სასარგებლო ინფორმაციის მომხმარებლებზე მიწოდების მიზნით, ანგარიშგების შემდგენლებმა უნდა გაითვალისწინონ ინფორმაციის მომხმარებელთა მოთხოვნები. მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ინფორმაცია ფინანსური ანგარიშგების სახით მიეწოდება. ამიტომ ფინანსური ანგარიშგება უტყუარი უნდა იყოს და სამართლიანად ასახავდეს საწარმოს საქმიანობას და მის ფინანსურ შედეგებს. მხოლოდ ასეთ ფინანსურ ანგარიშგებას შეუძლია მომხმარებლებს მათთვის სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდოს. ეს კი, ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლების სრული დაცვით მიიღწევა. ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასითებლები ის ატრიბუტებია, რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებაში ასა­ხულ ინფორმაციას გადააქცევს მომხმარებლისათვის სასარგებლო ინფორმაციად. ბასსით ასეთი მახასიათებლებია:

·         აღქმადობა;

·         შესაბამისობა;

·         საიმედოობა;

·         შესადარისობა.

 

აღქმადობა სააღრიცხვო ინფორმაციის ძირითადი თვისებაა, რომელიც ინფორმაციის მომხმარებლებს სასურველი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია გასაგები უნდა იყოს საწარმოს ეკონომიკური საქმიანობით დაინტერესებული ყველა პირისათვის. თავის მხრივ, სააღრიცხვო ინფორმაციის მომხმარებლები გარკვეულ ცოდნას უნდა ფლობდნენ კომერციული და ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით, წარმოდგენა ჰქონდეთ ანგარიშგების შედგენის საერთაშორისო წესებზე. თუმცა ინფორმაცია იმ რთული საკითხების შესახებ, რომლებსაც უნდა შეცავდეს ფინანსური ანგარიშგება და რომელიც აუცილებელია მომხმარებლისათვის ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, დაუშვებელია არ აისახოს ანგარიშგებაში იმის გამო, რომ იგი ძნელად აღსაქმელი იქნება ზოგიერთი მომხმარებ­ლისათვის.

 

შესაბამისად ითვლება ინფორმაცია, თუ იგი აკმაყოფილებს მომხმარებლების მოთხოვნებს და შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. მხოლოდ ამგვარი  ინფორმაცია შეიძლება აისახოს ფინანსურ ანგარიშგებაში. შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებლებს საწარმოს წარსული, მიმდინარე და მომავალი საქმიანობის შეფასების საშუალებას აძლევს. მაშასადამე, შესაბამის ინფორმაციას გააჩნია დამადასტურებელი და საპროგნოზო თვისებები.

ინფორმაციის შესაბამისობაზე ამ ინფორმაციის ხასიათი და არსებითობა ახდენს გავლენას.

 

არსებითია ინფორმაცია, რომლის გამოტოვება ან დამახინჯება გავლენას მოახდენს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე. იგი გარკვეულ ზღვარს ნიშნავს, რომლის შემდეგ ინფორმაცია მომხმარებლისათვის უსარგებლო გახდება. არსებითობა გულისხმობს, რომ  ოპერაციებისა და მოვლენების ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსურ ანგარიშგებაში მათი ასახვისას, არაარსებითი ფაქტები, რომლებიც საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ცვლილებას, მის არსებით დამახინჯებას არ იწვევენ, მხედველობაში არ მიიღება. ცხადია, ასეთი დაყოფა პირობითია. ამიტომ ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას არსებითობის გათვალისწინებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

საიმედოობა ინფორმაციის სარგებლიანობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ინფორმაცია საიმედოა, თუ იგი არ შეიცავს არსებით შეცდომებს და არ არის ტენდენციური. ინფორმაცია საიმედოდ ითვლება, თუ იგი შეცდომებსა და ისეთ მიკერძოებულ შეფასებებს არ შეიცავს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ მომხმარებლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არ ახდენს სამეურნეო საქმიანობის ფალსიფიკაციას. ინფორმაცია შეიძლება შესაბამისი, მაგრამ არასაიმედო იყოს. ასეთმა ინფორმაციამ მომხმარებელი შეიძლება მცდარ გადაწყვეტილებებამდე მიიყვანოს.

      ინფორმაციის საიმედოობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა:

·         სამართლიანი წარდგენა;

·         შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა;

·         ნეიტრალობა;

·         წინდახედულობა;

·         სისრულე.

 

სამართლიანი წარდგენა გულისხმობს, რომ ფინანსური ანგარიშგებები უტყუარი უნდა იყოს და სამართლიანად წარმოადგენდეს საწარმოს რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის ფინანსურ შედეგებს და ფულადი სახსრების მოძრაობას. საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ ანგარიშგებებში ისეთი ინფორმაციაც უნდა იყოს ასახული, რომელსაც ბასს არ მოითხოვს.

ფინანსური ანგარიშგების ინფორმაცია შეცდომებისაგან დაზღვეული არ არის. ინფორმაცია საიმედო რომ იყოს, იგი კანონზომიერად უნდა ასახავდეს საწარმოს საქმიანობაში მომხდარ მოვლენებსა და ოპერაციებს. ამასთან, ეს ინფორმაცია დროული უნდა იყოს. ცნობილია, რომ დაგვიანებულ ინფორმაციას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს. ინფორმაციის მომხმარებლებისათვის უფრო ფასეულია ის მონაცემები, რომლებსაც ისინი საჭირო მომენტში გამოიყენებენ.

 

     შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა გულისხმობს, რომ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური შინაარსის მიხედვით განიხილება მაშინაც კი, თუ მისი იურიდიული ფორმა სხვას ითვალისწინებს. შემოწმების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს აღრიცხვის სწორად შერჩეული და გამოყენებული მეთოდით, რათა საწარმოს საქმიანობა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ადექვატურად იქნას ასახული. თუ დამოუკიდებელი მესამე პირი, ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შედეგად ანგარიშგებაში ასახულისაგან განსხვავებულ შედეგებს მიიღებს, ითვლება, რომ ანგარიშგება შემოწმებადობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. მაშასადამე, ფინანსური ანგარიშგება უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ სამართლებრივი ფორმის, არამედ ეკონომიკური რეალობის ამსახველ ინფორმაციას.  

 

ნეიტრალობა  ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნად ითვლება. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია საიმედო მაშინ იქნება, თუ იგი ნეიტრალურია. იგულისხმება, რომ ანგარიშგებაში შეტანილი ინფორმაცია უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი  მომხმარებელთა ყველა ჯგუფისათვის, ზეწოლას არ უნდა ახდენდეს მათი საქმიანი გადაწყვეტილებების არჩევანზე.

 

წინდახედულობა გადაწყვეტილებების მიღებისადმი ფრთხილ დამოკიდებულებას გულისხმობს. იგი შესაძლო რისკის პირობებში საწარმოს გაძღოლის ტაქტიკას ნიშნავს და ითვალისწინებს ყველა ფაქტორის აღრიცხვას, რომლებმაც შეიძლება საწარმოს ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობაზე იქონიონ გავლენა. საფუძვლად კი, მოგებისა და ზარალის ასიმეტრული აღრიცხვაა მიჩნეული.

 ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ის განუსაზღვრელი გარემოებები, რომლებიც საწარმოს საქმიანობაში მომხდარ ოპერაციებსა და მოვლენებს თან ახლავს. არ შეიძლება აქტივების გადაჭარბებული ოდენობით, ხოლო   ხარჯებისა და ვალდებულებების უსაფუძვლოდ შემცირებულად წარმოდგენა. ბასს-ით აქტივების ზრდის აღიარება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც იგი სრულიად განსაზღვრული მოვლენაა, ხოლო შემცირების აღიარება - როდესაც იგი შესაძლებელი მოვლენაა. ამრიგად, მოსალოდნელი ზარალი ან დანაკარგები მათი გამოვლენისთანავე უნდა აისახოს ბუღალტრულ აღრიცხვაში, ხოლო მოსალოდნელი მოგება და შემოსავალი მათი რეალური მიღების შემდეგ.

 

სისრულე ინფორმაციის საიმედოობის ერთ ერთი პირობაა ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია, არსებითობისა და ღირებულების თვალსაზრისით, სრული უნდა იყოს. ინფორმაციის გამოტოვებამ შეიძლება საიმედოობისა და ინფორმაციის შესაბამისობის ხარისხის დაქვეითება გამოიწვიოს.

 

      შესადარისობა ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელოვანი ხარისხობრივი მახასიათებელია. იგი განსხვავებული საწარმოების ან ერთი და იგივე საწარმოს სხვადასხვა პერიოდის საქმიანობის შედარების საშუალებას იძლევა. მონაცემების შესადარისობა პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყანაში აღრიცხვის ორგანიზაციის სპეციფიკის თვალსაზრისით. არსებობს აღრიცხვის რიგი ალტერნატული მეთოდები, რომლებიც თავსდებიან საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებში და საწარმოებს შეუძლიათ საკუთარი შეხედულებებისამებრ მათი გამოყენება. შესადარისობა, უპირველეს ყოვლისა, მიიღწევა აღრიცხვის გამოყენებული მეთოდების სტაბილურობით. საწარმოები მსგავსი სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვისა და შეფასების ერთიან წესს უნდა იყენებდნენ. სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილებებისას, ანგარიშგების შემდგენლები ვალდებულნი არიან შენიშვნებში მიუთითონ ამგვარი ცვლილებების შესახებ, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ შესაბამისად მოახდინონ  კორექტირება ფინანსურ ინფორმაციაში. ამასთან, სტაბილურობის პირობა არ უნდა აბრკოლებდეს აღრიცხვის ახალი, მოცემული საწარმოს სპეციფიკისათვის უფრო მოსახერხებელი მეთოდების შემოღებას.

      ანგარიშგების შესადარისობა მომხმარებლების მოთხოვნებთან განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, რომ იგი უნდა პასუხობდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, არამედ იმითაც, რომ უნდა ასახავდეს რიგ კატეგორიებს, რომელთა აღრიცხვა და ანგარიშგებაში შესატანად შერჩევა განხორციელდება განსაზღვრული კონცეპტუალური პრინციპებიდან გამომდინარე.

 სარჩევი