5.2. ფინანსური ანგარიშგება, მისი არსი და მიზანი
ფინანსური ანგარიშგება არის საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ფინანსური სურათი. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია მის მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, ფინანსური ანგარიშგების მიზანი მომხმარებელთა ფართო წრისათვის საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და მისი ცვლილებების, საწარმოს საქმიანობის შედეგებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია ინფორმაცია საწარმოს აქტივების, ვალდებულებების, საკუთარი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების, მოგებისა და ზარალის, საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის, აგრეთვე, სააღრიცხვო პოლიტიკისა და სხვა დამატებითი მაჩვენებლების შესახებ. საწარმოს მიერ ფულადი საშუალებებისა და მათი ექვივალენტების გამომუშავების შესაძლებლობათა შესაფასებლად, მათი საიმედობისა და დროულობის დასადგენად, რომელიც აუცილებელია მომხმარებლის მიერ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, გარკვეული სახის ინფორმაციაა საჭირო. ამ ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრება საწარმოს შესაძლებლობა დაფაროს ვალდებულებები, გაანაწილოს მოგება მფლობელთა შორის. სწორედ ასეთი სახის ინფორმაციია იყრის თავს ფინანსურ ანგარიშგებაში. საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საწარმოს განკარგულებაში არსებული ეკონომიკური რესურსები, მისი სტრუქტურა, ლიკვიდურობა და საწარმოს გადამხდელუნარიანობა. ასეთი ინფორმაცია საშუალებას იძლევა განისაზღვროს საწარმოს მიერ მომავალში ფულისა და ფულადი ეკვივალენტების მიღების უნარი. ინფორმაცია ფინანსური სტრუქტურის შესახებ სესხებზე მიმდინარე მოთხოვნის განსაზღვრის, მფლობელთა შორის მომავალი მოგებისა და ფულადი სახსრების განაწილების წესის დადგენის საშუალებას იძლევა. ინფორმაცია საწარმოს საქმიანობის შედეგების ცვლილებების შესახებ აუცილებელია, რათა მოხდეს პროგნოზირება საწარმოს განკარგულებაში არსებული რესურსების საფუძველზე რა რაოდენობის ფულადი საშუალებების გამომუშავების უნარი გააჩნია საწარმოს. საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ცვლილების შესახებ ინფორმაცია აუცილებელია საწარმოს საინვესტიციო, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის შესაფასებლად. ფინანსური ანგარიშგება მოიცავს ბუღალტრულ ბალანსს, ანგარიშგებას მოგებისა და ზარალის შესახებ, ანგარიშგებას ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ, სააღრიცხვო პოლიტიკასა და ახსნა-განმარტებითი შენიშვნებს. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ბუღალტრულ ბალანსშია ასახული. ინფორმაციას საწარმოს საქმიანობის ეფექტურობის შესახებ მოიცავს ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ. საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში საკუთარ კაპიტალში მომხდარი ცვლილებები შესაბამისად, ასახულია ანგარიშგებაში კაპიტალის მოძრაობის შესახებ. ცალკეული ანგარიშგებები დანარჩენებისაგან განსხვავებულ ინფორმაციას მოიცავენ, მაგრამ დამოუკიდებლად ვერც ერთი მათგანი ვერ იძლევა მომხმარებელთა კონკრეტული საინფორმაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას. ისინი ერთი და იმავე სამეურნეო ოპერაციების სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან.
|