5.1. ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლები
ყოველდღიურ საქმიანობაში ბევრ პიროვნებას უხდება სააღრიცხვო ინფორმაციის გამოყენება. აქედან გამომდინარე, მათ უნდა ჰქონდეთ ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. მომარაგებისა და გასაღების პროცედურების უმრავლესობა ბუღალტრული აღრიცხვით შეიძლება დადგინდეს. ყოველთვის საჭიროა გარიგებების შედეგად ამონაგები და დახარჯული ფულადი თანხების დაფიქსირება, რომელიც ასევე, ბუღალტრულ აღრიცხვაში ხდება. აღრიცხვის სისტემა აუცილებელია, რათა საწარმოს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებმა იცოდნენ, რამდენად წარმატებულად ფუნქციონირებს მათი განყოფილება და საწარმო (ფირმა) საერთოდ და ა.შ.. საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციით დაინტერესებული მხარეები, ანუ ინფორმაციის მომხმარებლები შეიძლება იყვნენ: ინვესტორები (არსებული და პოტენციური), დაქირავებული მუშაკები, კრედიტის გამცემები (არსებული და პოტენციური), მიმწოდებლები და სხვა სავაჭრო კრედიტორები, მომხმარებლები, მთავრობები და მათი უწყებები, უბრალოდ საზოგადოება. ინფორმაციის მომხმარებლები პირობითად შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად დაიყოს: შიდა მომხმარებლები და გარე მომხმარებლები. შიდა მომხმარებლები _ საწარმოს სამმართველო პერსონალია, რომელიც სააღრიცხვო ინფორმაციის ბაზაზე ღებულობს სხვადასხვა საწარმოო და ფინანსური ხასიათის გადაწყვეტილებებს. ამგვარს მიეკუთვნება: მომდევნო წლისათვის ფინანსური გეგმის შედგენა, რეალიზაციის მოცულობის განსაზღვრა, მისი შეცვლა, საწარმოს რესურსების ინვესტირების მიმართულების განსაზღვრა, კრედიტების მოზიდვის მიზანშეწონილობის დადგენა და სხვა. ცხადია, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად დროული, სრული და ზუსტი ინფორმაცია აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმომ შეიძლება განიცადოს ზარალი ან გაკოტრდეს კიდეც. შიდა მომხმარებლები უშუალოდ დაინტერესებულნი არიან საწარმოს საქმიანობით. მათ მიეკუთვნებიან:
· საწარმოს აქტივების მფლობელები (არსებული და პოტენციური) _ აქციონერები, დამფუძნებლები, რომელთათვისაც აუცილებელია განისაზღვროს საწარმოს საკუთარი კაპიტალის წილის ზრდის ან შემცირების მიზანშეწონილობა და საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ რესურსების გამოყენების ეფექტურობა; ინვესტორები, სარისკო კაპიტალის მომწოდებლები და მათი მრჩევლები ზრუნავენ რისკზე, რომელიც თან ახლავს ინვესტიციებს და ინვესტიციებიდან მიღებულ ამონაგებს. მათ სჭირდებათ ინფორმაცია იმისათვის, რომ განსაზღვრონ: გაყიდონ, დაიტოვონ თუ იყიდონ ფასიანი ქაღალდები. აქციონერები, აგრეთვე, დაინტერესებულნი არიან შეაფასონ საწარმოს უნარი გადაიხადოს დივიდენდები. · კრედიტორები (არსებული და პოტენციური), საკრედიტო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაცემული სესხებისა და შესაბამისი სარგებლის დროული დაბრუნებით, ინფორმაციას იყენებენ კრედიტების გამოყოფის მიზანშეწონილობის, დაკრედიტების პირობების, კრედიტების დაბრუნების გარანტიების, საწარმოს, როგორც კლიენტის, ნდობის შეფასების განსაზღვრისათვის; · მომწოდებლები, რომლებიც ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავენ მოცემულ დამკვეთებთან საქმიანი კავშირების საიმედოობას; მომწოდებლები და სხვა სავაჭრო კრედიტორები დაინტერესებულნი არიან ინფორმაციით, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განსაზღვრონ დროულად მიიღებენ თუ არა კუთვნილ თანხებს. სავაჭრო კრედიტორებს, როგორც წესი, საწარმო აინტერესებთ შედარებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ვიდრე კრედიტის გამცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი დამოკიდებული არიან საწარმოზე, როგორც მთავარ მომხმარებელზე. · მყიდველები, მომხმარებლები დაინტერესებულნი არიან საწარმოს ფუნქციონირების უწყვეტობით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მათ საწარმოსთან აქვთ ხანგრძლივი ურთიერთკავშირი ან დამოკიდებული არიან მასზე. · დაქირავებული მომუშავეები და მათი წარმომადგენელთა ჯგუფები დაინტერესებულნი არიან თავიანთი დამქირავებლის ფინანსური სტაბილურობითა და მომგებიანობით. აგრეთვე, საწარმოს ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა: შრომის ანაზღაურებისა და პენსიის გადახდა, დასაქმების შესაძლებლობა, ხელფასის დონე და მოცემულ საწარმოში მუშაობის პერსპექტივა; · მთავრობები და მათი უწყებები (სახელმწიფო სტრუქტურები), რომლებიც ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციას იყენებენ საწარმოს საქმიანობის სტაბილურობის დადგენის, მისი შემოსავლების განსაზღვრის და რესურსების განაწილების, საწარმოს საქმიანობისა და საგადასახადო პოლიტიკის რეგულირების მიზნით. სახელმწიფო საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები ამოწმებენ გადასახადების გაანგარიშების სისწორეს, აანალიზებენ მთავრობის საგადასახადო პოლიტიკის ეფექტურობას. მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან ინფორმაციის მომხმარებლები, რომლებიც წარმოების საქმიანობით უშუალოდ არ არიან დაინტერესებულნი, მაგრამ ინფორმაცია მათთვის აუცილებელია, რათა დაიცვან მომხმარებელთა პირველი ჯგუფის ინტერესები. მათ მიეკუთვნებიან:
· აუდიტორული ფირმები (აუდიტორები), რომლებიც ამოწმებენ სააღრიცხვო მონაცემების შესაბამისობას არსებულ სტანდარტებთან; · ფასიანი ქაღალდების ბირჟები, რომლებიც აფასებენ ინფორმაციას შესაბამისი საწარმოების რეგისტრაციისას, ღებულობენ გადაწყვეტილებებს საწარმოს ცალკეულ საკითხებზე; აფასებენ აგრეთვე, აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების მომზადების გამოყენებულ მეთოდებს; · საფინანსო და სტატისტიკური ორგანოები, რომლებიც განაზოგადებენ საწარმოების საანგარიშგებო მონაცემებს; · პროფკავშირები, დაინტერესებულნი იმ ინფორმაციით, რომლითაც ხდება თანამშრომელთა ხელფასებისადმი თავიანთი მოთხოვნების დასაბუთება და შრომითი ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრა, აგრეთვე, იმ დარგის განვითარების ტენდენციების შეფასება, რომელსაც მოცემული საწარმო მიეკუთვნება; · პრესა, საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც ინფორმაციას იყენებენ ცალკეულ საწარმოთა საქმიანობის ანალიზისა და განმაზოგადებელი ფინანსური მაჩვენებლების გაანგარიშებისათვის. · საზოგადოება, რომელსაც აინტერესებს ინფორმაცია საწარმოს როლისა და ადგილის შესახებ ეროვნულ ეკონომიკაში, რათა გადაწყვიტოს მოსახლეობის დასაქმების, ეკოლოგიური და სოციალური საკითხები. ფინანსური ანგარიშგების ინფორმაცია საზოგადოებას ეხმარება საწარმოს განვითარების მიმართულებებისა და კანონზომიერებათა დადგენაში.
ფინანსური ანგარიშგებების ტრადიციულ მომხმარებლებად გარე მომხმარებლები ითვლებიან, ანალიზური ანგარიშგებები გამოიყენება საწარმოს ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის მიერ. ამ უკანასკნელის შინაარსი შეიძლება იცვლებოდეს მათი მიზნობრივი დანიშნულებისა და ხელმძღვანელის (ადმინისტრატორის) მოთხოვნების შესაბამისად. მაგალითისათვის შეიძლება გამოდგეს, ანგარიშები გაწეულ დანახარჯებზე, ანგარიშები პროდუქციის თვითღირებულებაზე. საწარმოს ქვედანაყოფების მიმდინარე ოპერატიული ანგარიშები, ხარჯთაღრიცხვები მომავალი ოპერაციების დაგეგმვისათვის და სხვა.
|