სარჩევი

4.2. ინვენტარიზაცია და მისი როლი

ბუღალტრულ აღრიცხვაში

როგორც უკვე იყო ავღნიშნული, ბუღალტრული დოკუმენტები ზუსტად უნდა ასახავდნენ აქტივებისა და მათი წყაროების მდგომარეობას, საერთოდ, საწარმოს სამეურნეო საქმიანობას და მის შედეგებს. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ სააღრიცხვო მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს. ასეთი განსხვავების ძირითად მიზეზად შეიძლება მიჩნეულ იქნეს:

 

·         შენახვის პროცესში სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბუნებრივი დანაკარგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ტენიანობამ, ტემპერატურის ცვლილებამ, ბუნებრივმა გაფუჭებამ და სხვა მიზნებმა, რომლებიც მიმდინარე აღრიცხვაში დოკუმენტებით გაფორმებას არ ექვემდებარებიან;

·          შენახვის ადგილებიდან ფასეულობათა მიღება-გაცემისას დაშვებული უზუსტობითა და შეცდომებით, რის შედეგადაც შეიძლება აღმოჩნდეს  ზედმეტობა ან დანაკლისი;

·         შეიძლება დაშვებულ იქნეს შეცდომები აღრიცხვაში პირველად დოკუმენტებში არასწორი არითმეტიკული გაანგარიშებების შედეგად.

 

ფინანსური აღრიცხვის მონაცემების ფაქტობრივ მდგომარეობასთან შესაბამისობის შემოწმება ინვენტარიზაციის გზით ხდება.

ინვენტარიზაცია ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის ერთ-ერთი ელემენტია, რომლის მეშვეობითაც ხდება აქტივებისა და ვალდებულებების ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა.

განასხვავებენ ინვენტარიზაციის რამდენიმე სახეს. მოცულობის მიხედვით ინვენტარიზაცია შეიძლება იყოს სრული და ნაწილობრივი.

სრული ინვენტარიზაცია მოიცავს საწარმოს რესურსების მთელ ერთობლიობას. სრული ინვენტარიზაცია ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც, წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადების წინ.

ნაწილობრივი ინვენტარიზაცია მოიცავს საწარმოს რესურსების ნაწილს, მის რომელიმე ერთერთ ჯგუფს. მაგალითად, მხოლოდ ფულადი საშუალებებს, ან მხოლოდ მზა პროდუქციას და .. ნაწილობრივი ინვენტარიზაცია ტარდება საჭიროების შემთხვევაში.

ჩატარების დროის მიხედვით ინვენტარიზაცია შეიძლება იყოს: პერიოდული, უეცარი, სასწრაფო.

პერიოდული ინვენტარიზაცია ტარდება განსაზღვრული დროის განმავლობაში, განსაზღვრულ მონაკვეთში. მაგალითად, ყოველთვიურად ყოველდეკალურად.

უეცარი ინვენტარიზაცია ტარდება მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა კეთილსინდისიერების შემოწმების მიზნით.

სასწრაფო ინვენტარიზაცია ტარდება სასწრაფო შემთხვევის გამო, მაგალითად მატერიალურად პასუხისმგებელი პირის შეცვლისას და ..

თავისი ხასიათის მიხედვით ინვენტარიზაცია შეიძლება იყოს: გეგმური (პროგნოზირებული) და შემთხვევითი (მოულოდნელი).

გეგმური ინვენტარიზაცია ტარდება წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, ხოლო მოულოდნელი ინვენტარიზაცია ტარდება სტიქიური უბედურების და სხვა არაორდინალური მოვლენების შემდეგ, შემოწმების ჩატარების მიზნით, მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან საწარმოს ხელმძღვანელის შეცვლისას და სხვა შემთხვევაში. მოულოდნელ ინვენტარიზაციას მიეკუთვნება, აგრეთვე, ფულადი საშუალებების ყოველთვიური ინვენტარიზაცია.

ინვენტარიზაციის ჩასატარებლად საწარმოს ხელმძღვანელის მიერ გამოიყოფა კომისია, განისაზღვრება ინვენტარიზაციის ობიექტი და ჩატარების ვადები. კომისიის  შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და საწარმოს მთავარი ბუღალტერი.

როგორც წესი, ინვენტარიზაცია უნდა ჩატარდეს თვის პირველი რიცხვისათვის, რითაც ადვილდება ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფაქტობრივი ნაშთების შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან. თუ ინვენტარიზაცია გრძელდება რამდენიმე დღეს, მაშინ ინვენტარიზაციის მონაცემები კორექტირდება პირველი რიცხვის მდგომარეობით.

ინვენტარიზაციის დაწყებამდე ხდება მატერიალურ ფასეულობათა დახარისხება_დალაგება. უნდა დამთავრდეს შემოსავალ-გასავლის ამსახველი ყველა დოკუმენტის დამუშავება და მათი ასახვა აღრიცხვაში, გამოყვანილ უნდა იქნეს ნაშთები ინვენტარიზაციის დაწყების დღისათვის.

ინვენტარიზაციის დაწყებამდე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს ჩამოერთმევა ხელწერილი, რომ მას მატერიალურ ფასეულობათა მოძრაობის ამსახველი ყველა დოკუმენტი ჩაბარებული აქვს ბუღალტერიაში და მასთან შემოსავალში გაუტარებელი ან გასავალში ჩამოუწერელი არავითარი ფასეულობა არ ინახება.

ინვენტარიზაცია ტარდება ფასეულობათა შენახვის ადგილების მიხედვით ცალცალკე მატერიალურად პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით. ინვენტარიზაციის შედეგები ფორმდება ინვენტარიზაციის უწყისით, რომელსაც საინვენტარიზაციო კომისია ადგენს. უწყისს ხელს უნდა აწერდეს კომისიის ყველა წევრი. მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იძლევა შემდეგი შინაარსის ხელწერილს: "საინვენტარიზაციო უწყისში მოცემული მთელი ფასეულობა, ყველა დასახელების მიხედვით, კომისიის მიერ შემოწმებულია ნატურალურ გამოსახულებაში ჩემი თანდასწრებით და შეტანილია უწყისში, რის გამოც საინვენტარიზაციო კომისიის მიმართ პრეტენზია არ მაქვს. უწყისში ჩამოთვლილი ფასეულობა იმყოფება ჩემს პირად პასუხისმგებლობაში".

ინვენტარიზაციის დამთავრების შემდეგ საინვენტარიზაციო უწყისი გადაეცემა ბუღალტერიას ფასეულობათა ფაქტობრივი ნაშთების სააღრიცხვო ჩანაწერებთან შედარებისათვის. ასეთი შედარება ფორმდება შედარების უწყისით, რომელშიც საინვენტარიზაციო უწყისიდან გადაიტანება ფასეულობათა  ფაქტობრივი ნაშთები, ხოლო ბუღალტრული რეგისტრებიდან _ იმავე ფასეულობების სააღრიცხვო მონაცემები. გამოიყვანება გადახრები, რომელიც განიხილება კომისიის მიერ. საინვენტარიზაციო კომისია ყოველგვარ გადახრაზე ღებულობს წერილობით ახსნა-განმარტებას შესაბამისი პირებისაგან, განიხილავს მათს მიზეზებს და შემოაქვს წინადადებანი შემდგომში მათი გამოსწორების მიზნით. საინვენტარიზაციო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ამტკიცებს საწარმოს ხელმძღვანელი.

შეიძლება შედარების უწყისით გამოვლინდეს ფასეულობათა მეტობა ან დანაკლისი, რომელიც შესაბამისად უნდა აისახოს ბუღალტრულ აღრიცხვაში.

სარჩევი