3.4. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებიდა ძირითადი დაშვებები
ცალკეულ ქვეყანაში, ფინანსური ანგარიშგების შედგენისას არსებული განსხვავებები, რომლებიც ეროვნული თავისებურებებით, მომქმედი კანონებითა და სტანდარტებითაა განპირობებული, გადაწყვეტილებების მიღებისას სერიოზულ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების უმრავლესობა აღიარებს ბასს-ით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგების ძირითად მიზანს და საერთო კონცეპციას, პასუხობენ რა ისინი ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ბაზრის მოთხოვნებს. ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნით, პირველადი სააღრიცხვო ჩანაწერების დაჯგუფება და ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვა გარკვეული სისტემით სწარმოებს. იგი ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძველზე ხდება. ბასს-ით ფუნდამენტალურად ითვლება ბუღალტრული აღრიცხვის შემდეგი პრინციპები:
· პირვანდელი ღირებულების (თვითღირებულების) პრინციპი; · ფულადი შეფასების პრინციპი; · მყარი ფულადი ერთეულის პრინციპი; · რეალიზაციის პრინციპი; · საწარმოს მთლიანობის (ავტონომიურობის) პრინციპი; · ორმხრივობის პრინციპი; · საანგარიშგებო პერიოდის პრინციპი.
უწყვეტობა, რომლის დროსაც Gჩვეულებრივ, საწარმო განიხილება, როგორც უწყვეტი პროცესი, რაც მისი ფუნქციონირების მომავალში განუსაზღვრელად გაგრძელებას ნიშნავს. იგულისხმება, რომ საწარმოს უახლოეს მომავალში გადაწყვეტილი არა აქვს თავისი საქმიანობის ლიკვიდაცია ან არსებითი შეკვეცა. აქედან გამომდინარე, უწყვეტობის პრინციპი დაკავშირებულია ბასს-ის ერთერთ ძირითად დაშვებასთან "ფუნქციონირებადი საწარმო", რომელიც ასევე ნიშნავს საწარმოს საქმიანობის უსასრულოდ გაგრძელებას და რომ მისი შეწყვეტა უახლოეს საპროგნოზო მომავალში (სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში მაინც) მოსალოდნელი არ არის.
მუდმივობა _ გულისხმობს, რომ საწარმოს მიერ მიღებული სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებულ პრინციპებს, პროცედურებსა და წესებს, მუდმივად მოქმედებს, ე.ი. ვრცელდება ერთი საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ მეორეზე.
პირვანდელი ღირებულების პრინციპის თანახმად, ყველა ხარჯი პირვანდელი ღირებულებით აღირიცხება. აქტივების შეძენაზე გაწეული დანახარჯების ჯამი კი, თვითღირებულებას წარმოადგენს.
ფულადი შეფასების პრინციპის თანახმად ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლის ობიექტს წარმოადგენს მხოლოდ ის აქტივები და ვალდებულებები, მოვლენები და ოპერაციები, რომელთა ფულადი საზომით გამოსახვა, ანუ შეფასებაა შესაძლებელი. სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი ყველა ცვლილება, ბუღალტრულ აღრიცხვაში შეფასების ერთიანი, განმაზოგადებელი საზომით უნდა აისახოს. ასეთს ფულადი საზომი წარმოადგენს.
მყარი ფულადი ერთეულის პრინციპის არსი მდგომარეობს მასში, რომ ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული სხვადასხვა პერიოდის მონაცემები სტაბილურ ვალუტაშია გამოსახული და მაშასადამე, ეს მონაცემები შესადარისია.
რეალიზაციის პრინციპი გულისხმობს, რომ საწარმოს შემოსავლების აღიარება და ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვა აქტივის მყიდველზე გადაცემის, ან მომსახურების გაწევის მომენტში ხდება. მაშასადამე, საქონლის გაყიდვიდან (მომსახურების გაწევიდან) მიღებული ამონაგები შემოსავლად აღიარდება და ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება მყიდველზე საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული რისკის გადაეცემისას.
საწარმოს მთლიანობის (ავტონომიურობის) პრინციპი გულისხმობს იმას, რომ საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული ინფორმაცია მხოლოდ სამეურნეო სუბიექტს ეხება და არა მისი დამფუძნებლის ან მესამე მხარის საქმიანობას. საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შედგენა მხოლოდ საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული მონაცემების საფუძველზე ხდება.
ორმხრივობის პრინციპის თანახმად, თითოეულ ოპერაციას ორი მხარე აქვს. იგი ერთიდაიგივე ოდენობით იწვევს ცვლილებას საწარმოს აქტივებშიც და მის შესაბამის წყაროებშიც. ამ პრინციპს ემყარება ორმაგი ასახვის მეთოდი და საბალანსო ტოლობა:
Aაქტივები = ვალდებულებები + კაპიტალი.
საანგარიშგებო პერიოდის პრინციპი ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის პერიოდულობას გულისხმობს. საწარმოს საქმიანობა გარკვეულ პერიოდებად შეიძლება დაიყოს, რომელიც საანგარიშგებო პერიოდად იწოდება. ჩვეულებრივ, საანგარიშგებო პერიოდი ერთი წელია. ყოველი წლის ბოლოს მზადდება ფინანსური ანგარიშგება, თუმცა, საჭიროების მიხედვით, შეიძლება იგი ნაკლებიც იყოს, მაგალითად კვარტალი, თვე. ბასს-ით ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დაშვებებია: · დარიცხვის მეთოდი; · ფუნქციონირებადი საწარმო.
დარიცხვის მეთოდი ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძველია. ბუღალტრულ აღრიცხვაში დარიცხვის მეთოდი ნიშნავს საწარმოს აქტივების, ვალდებულებების, კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების აღიარებას მათი მოხდენისას, და არა იმის მიხედვით, თუ როდის ჰქონდა ადგილი თანხის ფაქტიურ მიღებას ან გადახდას. ე. ი. დარიცხვის მეთოდი გულისხმობს შემოსავლებისა და ხარჯების აღიარებას მათი წარმოქმნის მომენტის მიხედვით. ისინი ბუღალტრულ აღრიცხვაში რეგისტრირდება და აისახება იმ პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელსაც რეალურად განეკუთვნება. აქედან გამომდინარე, დარიცხვის მეთოდი შესაბამისობის პრინციპს მოიცავს. დარიცხვის მეთოდით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება მომხმარებელს გააცნობს არა მხოლოდ წარსულ სამეურნეო ოპერაციებს, რომლებიც მოიცავს ფულადი საშუალებების გადახდასა და მიღებას, არამედ მომავალში გასანაღდებელ ვალდებულებებსა და მომავალი პერიოდის მოთხოვნებსაც. მაშასადამე, ფანანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ინფორმაცია წარსულში მომხდარი სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების შესახებ, რომელიც სჭირდებათ მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
ფუნქციონირებადი საწარმო. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას, იგულისხმება, რომ საწარმო ფუნქციონირებს და თავის საქმიანობას უახლოეს საპროგნოზო მომავალშიც გააგრძელებს, არ აპირებს და არ საჭიროებს ლიკვიდაციას ან თავისი საქმიანობის მასშტაბების საგრძნობლად შემცირებას. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს უახლოეს საპროგნოზო მომავალში გადაწყვეტილი აქვს თავისი საქმიანობის ლიკვიდაცია ან მნიშვნელოვნად შეკვეცა, ფინანსური ანგარიშგებაში შესაბამისი აღნიშვნა უნდა გაკეთდეს და იგი განსხვავებული წესით მომზადდეს. |