სარჩევი

3.2. სამეურნეო პროცესები

ყოველდღიურად უამრავი მოვლენა ხდება, რომელიც ბუღალტრულ აღრიცხვას ექვემდებარება. იქმნება ახალი საწარმოები, მფლობელები ბიზნესში აბანდებენ თავიანთ კაპიტალს. ეს საწარმოები ყიდულობენ და ყიდიან აქტივებს, აწარმოებენ პროდუქციას და ყიდიან მას, ყიდულობენ და ყიდიან საქონელსა და მომსახურებას  და .. თითოეული ასეთი ცვლილება ოპერაციად ითვლება და იგი აუცილებლად უნდა აისახოს ბუღალტრულ აღრიცხვაში.

მაშასადამე, თვითოეულ საწარმოს საქმიანობა სამეურნეო ოპერაციათა სიმრავლისაგან შესდგება. ამასთან, საწარმოების აქტივები და მათი წყაროები მუდმივ მოძრაობაში იმყოფებიან. საწარმოს განუწყვეტელი საქმიანობისათვის საჭიროა გააჩნდეს აქტივები. მათი წყაროა პროდუქციის (საქონლის, მომსახურების) რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგები, რომლის ხარჯზეც ხდება აქტივების შევსება, ასევე სამუშაო ძალის შენახვა. რეალიზაციის შედეგად საწარმო წარმოებაში შექმნილ პროდუქტს გადააქცევს ფულად ფორმად, . . საწარმოები განახორციელებენ მომარაგება-დამზადების, წარმოებისა და რეალიზაციის პროცესს. ამასთან, ისინი ხორციელდება განუწყვეტლივ და ერთდროულად. აქტივები განუწყვეტლივ იცვლიან თავიანთ ფორმას.

მომარაგება-დამზადების პროცესის დროს საწარმოს რესურსები ფულადი ფორმიდან გადადის საწარმოო მარაგის ფორმაში. ამ პროცესის დროს საწარმო მარაგდება ნედლეულით, ძირითადი და დამხმარე მასალებით, სათბობით, საქონლით და წარმოებისათვის საჭირო სხვა აქტივებით.

წარმოების პროცესში იქმნება პროდუქცია, რადგანაც წარმოების პროცესი გულისხმობს მომარაგებული და დამზადებული საწარმოო მარაგის საწარმოო მოხმარებას, მის ხარჯვას წარმოებაში პროდუქციის შესაქმნელად.

ხდება რა მზა პროდუქციის მიწოდება მომხმარებელზე, რეალიზაციის პროცესში მზა პროდუქცია ისევ ღებულობს ფულად ფორმას.

მაშასადამე, მომარაგება-დამზადების, წარმოებისა და რეალიზაციის პროცესების განხორციელება იწვევს აქტივების წრებრუნვას, ფულადი საშუალებები გადადის წარმოების საშუალებებში, წარმოების საშუალებები იღებს მზა პროდუქციის ფორმას, მზა პროდუქცია ისევ გარდაიქმნება ფულად ფორმად და პროდუქციის რეალიზაციის შედეგად უბრუნდება წარმოებას გადიდებული ოდენობით. შემდეგ კვლავ ხორციელდება წრებრუნვა.

  ბუღალტრული აღრიცხვა აქტივების წრებრუნვას სამივე პროცესის მიხედვით ასახავს, საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ წრებრუნვის  თითოეულ საფეხურზე დანახარჯები და შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტი. მაშასადამე, თითოეული საწარმოს საქმიანობა დინამიურია, მუდმივად განმეორებადია და ერთი უწყვეტი პროცესია. ბუღალტრული აღრიცხვა კი, მოწოდებულია ასახოს ამ პროცესის ყოველგვარი ცვლილება, რომლის გამოსახვაც შეიძლება ფულადი საზომი ერთეულით. საწარმოს სამეურნეო საქმიანობაში მომხდარ თითოეულ ცალკე მოქმედებას, რასაც ცვლილება შეაქვს მასში და რომლის გამოსახვა შეიძლება ფულადი საზომი ერთეულით, სამეურნეო ოპერაცია ეწოდება.

სარჩევი