3.1. ბუღალტრული აღრიცხვის საგანი, მისი ობიექტები როგორც ყველა მეცნიერებას, ბუღალტრულ აღრიცხვასაც აქვს თავისი საგანი, რასაც ის შეისწავლის და მეთოდი, რომლის მეშვეობითაც იგი ამ საგანს შეისწავლის. ბუღალტრული აღრიცხვის საგნის დაკონკრეტების მიზნით, უნდა გავეცნოთ რა სახის სამეურნეო საშუალებებს ანუ რესურსებს განაგებს საწარმო და საიდან, რა წყაროებიდან იღებს იგი ამ რესურსებს, რა პროცესები და სამეურნეო ოპერაციები ხორციელდება საწარმოში. ბუღალტრული აღრიცხვა, როგორც ერთიანი სამეურნეო აღრიცხვის ერთერთი სახე, ასახავს, კონტროლს უწევს და ხელმძღვანელობს გაფართოებულ კვლავწარმოებას, მაგრამ არა მის ყველა ელემენტს, არამედ მხოლოდ ისეთ საშუალებებსა და პროცესებს, რომელთა გამოსახვა, შეფასება შეიძლება ფულადი საზომი ერთეულით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის საგანია საწარმოს (ფირმის) სამეურნეო რესურსები და მათი წყაროები, გამოსახული ფულადი საზომი ერთეულით. რესურსების შემადგენლობა ცხადია, თვით საწარმოს მუშაობის ხასიათზეა დამოკიდებული. რადგან ბუღალტრული აღრიცხვის საგანი საწარმოს რესურსები და მისი წყაროებია, მათი შესწავლის მიზნით, საჭიროა განვიხილოთ იგი ცალ-ცალკე, ე. ი. შევისწავლოთ მათი კლასიფიკაცია, დაჯგუფება. საწარმოს რესურსები აქტივებს, ხოლო მათი წყაროები კაპიტალს წარმოადგენენ. აქტივები საწარმოს განკარგულებაში არსებული მატერიალური ან არამატერიალური რესურსებია, რომლებიც წარსულში მომხდარი სამეურნეო მოვლენების შედეგს წარმოადგენს, რის საფუძველზეც საწარმო მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღებას მოელის. აქტივები იმ პროდუქციის საწარმოებლად ან მომსახურების გასაწევად მოიხმარება, რომელიც მომხმარებელთა ინტერესებს დააკმაყოფილებს. მომხმარებელთა მიერ მოხმარებული საქონლის (პროდუქციის) ან მომსახურების ღირებულების გადახდა კი, საწარმოში ფულადი საშუალებების შემოსვლას უწყობს ხელს. აქტივები წარმოების პროცესში მათი ფუნქციური როლის, ეკონომიკური დანიშნულებისა და ბრუნვადობის სიჩქარის მიხედვით იყოფა ძირითად და საბრუნავ აქტივებად (საშუალებებად).
ძირითადი აქტივები, ანუ ფონდები ეწოდება საწარმოს განკარგულებაში არსებულ აქტივებს, რომელთა გამოყენებაც გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივ, ისინი თავიანთი ბუნებით გრძელვადიანი აქტივებია, რადგან ამორტიზაციის ხანგრძლივი პერიოდი გააჩნიათ. გრძელვადიანი აქტივები არ არის გათვალისწინებული სარეალიზაციოდ. ძირითადი აქტივები შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური ფორმით.
მატერიალურ აქტივებს ნივთიერი, ხელშესახები სახე გააჩნიათ. ისინი ძირითად საშუალებებად ანუ ფონდებად იწოდებიან. მათ მიეკუთვნება: მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგრები, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ. ძირითადი საშუალებების დაჯგუფება ხდება უფრო გრძელვადიანიდან ნაკლებ გრძელვადიანამდე. ამიტომ ჩამონათვალში პირველ ადგილზე მიწა დგას.
არამატერიალურ აქტივებს ნივთიერი, ხელშესახები სახე არ გააჩნიათ. მათ მიეკუთვნება: პატენტები, ლიცენზიები, სხვადასვა უფლებები, გუდვილი და ა. შ.
საბრუნავ აქტივებს, რომლებიც თავიანთი ბუნებით მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივებია, მიეკუთვნება აქტივები, რომლებიც ძირითადად სავაჭრო დანიშნულებით ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი. აგრეთვე, მათ მიეკუთვნება ფულადი საშუალებები, რომელთა გამოყენებაც არ არის შეზღუდული. მოკლევადიანი აქტივების მოხმარება ჩვეულებრივი საწარმოო ციკლის განმავლობაში ხდება. ასეთებია: სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, ფულადი საშუალებები, მოკლევადიანი ინვესტიციები, მოთხოვნები.
საქონლო მატერიალური ფასეულობებს მიეკუთვნება: საქონელი, მასალები, დაუმთავრებელი წარმოება და მზა პროდუქცია. სასაქონლო-მატერიალური მარაგები (ფასეულობები), ეს ის ფასეულობებია, რომლებიც აუცილებელია მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდში საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის. სასაქონლო-მატერიალური მარაგები ორ ჯგუფად იყოფა: საწარმოო მარაგები და სასაქონლო მარაგები. სამრეწველო საწარმოებს გააჩნიათ საწარმოო მარაგები, რომელიც მოიცავს მასალებს, მზა პროდუქციას და დაუმთავრებელი წარმოების ნაშთებს. მასალები თავის მხრივ შემდეგ ჯგუფებად იყოფა: · ნედლეული და ძირითადი მასალები; · დამხმარე მასალები; · სათბობი; · სათადარიგო მასალები; · ტარა და ტარამასალები.
ნედლეული და ძირითადი მასალა შექმნილი პროდუქციის ნივთიერი საფუძველია, მისი სუბსტანციაა. წარმოების პროცესში იგი იცვლის პირვანდელ ფორმას, წარმოების ერთ აქტში მთლიანად მოიხმარება და ასევე მთლიანად გადააქვს თავისი ღირებეულება შექმნილ პროდუქციაზე. ნედლეული და ძირითადი მასალები ერთმანეთისაგან იმით განსხვავდებიან, განიცადეს თუ არა მათ უკვე შრომის ზემოქმედება. მაგალითად, ნედლეულს მიეკუთვნება მომპოვებელი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხოლო მასალებს _ გადამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, როგორიცაა სხვადასხვა სახის ლითონი _ მანქანათმშენებელი საწარმოებისათვის, ქსოვილი _ სამკერვალო წარმოებისათვის და სხვა. დამხმარე მასალები შექმნილი პროდუქციის მთავარ სახეს არ წარმოადგენს, მაგრამ აუცილებელია მის შესაქმნელად. ისინი ან მოიხმარებიან შრომის საშუალებების მიერ (საცხები მასალები _ მანქანების მიერ), ან უერთდებიან მასალებს და მონაწილეობენ ოპერაციებში.
სათბობი დამხმარე მასალების ნაირსახეობაა, მაგრამ თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო აღრიცხვაში იგი მასალების ცალკე ქვეჯგუფად გამოიყოფა. მსგავსად დამხმარე მასალებისა, სათბობიც მოიხმარება შრომის საშუალებების მიერ ან უერთდება ძირითად მასალებს, ან გამოიყენება სამეურნეო დანიშნულებისათვის. მაშასადამე, დანიშნულების მიხედვით სათბობი შეიძლება იყოს: 1. ტექნოლოგიური; 2. ენერგეტიკული; 3. სამეურნეო. პირველს მიეკუთვნება ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებული სათბობი, მაგალითად, ლითონის გამოწრთობისათვის გამოყენებული სათბობი; ენერგეტიკული სათბობი გამოიყენება რაიმე სახის ენერგიის მისაღებად, მაგალითად, ორთქლის ენერგიის, ელექტროენერგიის მისაღებად; ხოლო სამეურნეო სათბობად ითვლება სხვადასხვა სახის სამეურნეო დანიშნულებით, მაგალითად, შენობების გასათბობად, იატაკის გასაწმენდად და სხვა სახით გამოყენებული სათბობი.
ტარა და ტარა მასალები გამოიყენება პროდუქციის შესაფუთად. პროდუქციის სახეობის მიხედვით ტარაც განსხვავებულია. ტარად ჩაითვლება მინისა და ლითონის ქილები, კასრები, ყუთები და სხვა.
ნახევარფაბრიკატები ის საგნებია, რომლებმაც წარმოებაში გაიარეს დამუშავების განსაზღვრული სტადია, მაგრამ მზა პროდუქციად ჩამოყალიბებამდე იმავე საწარმოში შემდგომ დამუშავებას საჭიროებენ. მაგალითად, ნართი _ სართავ - საქსოვ წარმოებაში, თუჯი _ სრული ციკლის მეტალურგიულ ქარხანაში და სხვა.
მზა პროდუქცია ეწოდება ნაწარმს, რომელმაც მოცემულ საწარმოში გაიარა დამუშავების ყველა სტადია, შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტს და განკუთვნილია სარეალიზაციოდ.
დაუმთავრებელ წარმოებად ითვლება შრომის საგნები, რომლებიც უშუალოდ იმყოფებიან დამუშავების პროცესში და საანგარიშგებო თარიღისათვის მზა პროდუქტის სახე მიღებული არა აქვთ. მაგალითად, ნედლეული და მასალები უშუალოდ დამუშავების პროცესში, დაზგა-დანადგარებთან. E სასაქონლო მარაგები დამახასიათებელია სავაჭრო საწარმოებისათვის. ეს არის საქონელი, რომელიც შემდგომში სარეალიზაციოდაა განკუთვნილი. ფულადი საშუალებები საწარმოსათვის გადახდისა და ყოველგვარი ანგარიშსწორების საშუალებაა. ისინი მუდმივ ბრუნვაშია. ფულადი საშუალებების შემადგენლობაში აისახება ნაღდი ფულადი ნიშნები, მონეტები და ბანკნოტები საწამოს სალაროში, ფული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე, ფულის ექვივალენტები და ყოველივე ის, რასაც ბანკი მიიღებს განძის სახით. საწარმოები ვალდებულნი არიან მთელი თავიანთი თავისუფალი ფულადი საშუალებები ბანკებში განათავსონ, ამ მიზნით გახსნილ ანგარიშწორების ანგარიშზე ან სხვა შესაბამის ანგარიშებზე. ანგარიშწორების ანგარიშის მეშვეობით ხდება ანგარიშსწორება მყიდველებთან და სხვა ორგანიზაციებთან ფულადი საშუალებების ჩარიცხვისა და გადარიცხვის გზით, რასაც უნაღდო ანგარიშსწორება ეწოდება (ე.ი. ანგარიშსწორება უშუალოდ ნაღდი ფულის მონაწილეობის გარეშე). ნაღდი ფული ყოველდღიური სამეურნეო საჭიროებისათვის ინახება საწარმოს სალაროში. მისი ოდენობა ლიმიტირებულია მოქმედი დებულებით. ლიმიტის ზემოთ სალაროში დაგროვილი ფულადი საშუალებები შეტანილ უნდა იქნეს ბანკში ანგარიშწორების ანგარიშზე. მაშასადამე, ფულადი საშუალებები საწარმოს შეიძლება მოთავსებული ჰქონდეს ანგარიშსწორების ანგარიშზე რომელიმე ბანკში ან საწარმოს სალაროში. მოკლევადიანი ინვესტიციები ფულადი საშუალებების დროებითი დაბანდებებია, მოგების მიღების მიზნით. მოკლევადიანი ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს აქციების ობლიგაციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შეძენით. მოთხოვნები ანუ მისაღები ანგარიშები კლიენტების დავალიანებებია საწარმოს მიმართ, რომელიც წინა პერიოდში კრედიტით (განვადებით, ნისიად) საქონლის გაყიდვით ან მომსახურების გაწევით არის წარმოქმნილი. მოთხოვნები ნიშნავს რომელიმე ორგანიზაციის, სხვა საწარმოს, დაწესებულებების ან პირების დავალიანებას მოცემული საწარმოსადმი. ასეთი დავალიანებები იწოდება დებიტორულ დავალიანებებად, ხოლო თვით მოვალენი _ დებიტორებად, დებიტორულ დავალიანებებად ჩაითვლება მყიდველების დავალიანება, რომლებსაც მიმწოდებელი საწარმოსაათვის არ აუნაზღაურებიათ მიწოდებული პროდუქციის (მომსახურების) ღირებულება განსაზღვრულ ვადაში. აგრეთვე, დებიტორებად ითვლებიან საწარმოს პერსონალი, ანგარიშვალდებული პირები, რომლებმაც მიიღეს გარკვეული თანხა რაიმე განსაზღვრული ხარჯებისათვის და არ წარმოუდგენიათ სათანადო დოკუმენტები ანგარიშის გასასწორებლად და სხვა. მიმდინარე აქტივების შემადგენლობაში გვხვდება აგრეთვე, წინასწარ გაწეული ხარჯები. წინასწარ გაწეულ ხარჯებს მიეკუთვნება: წინასწარ გადახდილი საიჯარო ქირა, დაზღვევის ხარჯი, საქონლის მიწოდებისათვის ან მომსახურების გაწევისათვის წინასწარ გადახდილი თანხები და ა.შ., რომლებიც მიმდინარე საანგარიშგებო წელს არ ეკუთვნის. |
|
საწარმოები საშუალებებს იღებენ განსაზღვრული წყაროებიდან და იყენებენ მიზნობრივი დანიშნულებით. ამიტომ საწარმოს აქტივები ჯგუფდება აგრეთვე, მათი ფორმირების წყაროების მიხედვით. საწარმოს აქტივების ფორმირების შედეგად წარმოიქმნება ამ აქტივებზე სხვადასხვა სუბიექტის (იურიდიული და ფიზიკური პირების) უფლება, რომლის ჯამიც კაპიტალს წარმოადგენს. ასეთი უფლებები შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად დაიყოს: ვალდებულებებად კრედიტორების წინაშე, რომელიც ნასესხებ ანუ მოზიდულ კაპიტალად იწოდება და მფლობელთა წილად, რომელიც საკუთარ კაპიტალს წარმოადგენს. საკუთარი კაპიტალი სპეციალური სახის ვალდებულებაა მფლობელთა წინაშე. სწორედ კაპიტალია ის თანხა, რომელიც ძირითად კავშირს წარმოადგენს მფლობელსა და ბიზნესს შორის. ვალდებულებები საწარმოს ვალებია, მისი ფინანსური მოვალეობაა. იგი საწარმოს დავალიანებაა სხვადასხვა ორგანიზაციების, საწარმოების ან პირების მიმართ, ხოლო იმ ორგანიზაციებს, საწარმოებს ან პირებს, რომელთა დავალიანებაც გააჩნია საწარმოს, კრედიტორები ეწოდება. ვალდებულებებთან არის დაკავშირებული კრედიტორების უფლება საწარმოს აქტივებზე. ვალდებულებათა წარმოშობის საფუძველი გასული პერიოდის სამეურნეო ოპერაციები და მოვლენებია. საწარმოში მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან მომსახურება, თუკი მათ წინასწარ ან მიწოდებისთანავე გადახდას არ ჰქონდა ადგილი, იწვევს სავაჭრო ვალდებულებების წარმოშობას. ვალდებულებებს მიეკუთვნება აგრეთვე, გადასახდელი ხელფასი, დარიცხული ხარჯები, გადასახდელი გადასახადები, გასანაღდებელი თამასუქები, დასაფარავი სესხები და ა.შ.
გასანაღდებელი ანგარიშები სავაჭრო კრედიტორული ვალდებულებებია, რომლებიც საქონლის (მომსახურების) კრედიტით შეძენით წარმოიქმნება.
საგადასახადო ვალდებულებებად ითვლება ყველა ვალდებულება, რომელიც წარმოიქმნება მოქმედი საგადასახო კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტების სასარგებლოდ. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს: გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი და ა.შ.
გაცემული თამასუქები საწარმოს წერილობით ვალდებულებას წარმოადგენს, გადაუხადოს კრედიტორებს განსაზღვრული თანხა დროის მომავალ კონკრეტულ მომენტში. დარიცხული ხარჯები ის ვალებია, რომლებიც უკვე არსებობენ, მაგრამ ჯერ დაფარვას არ საჭიროებენ. ასეთი შეიძლება იყოს: პროცენტები სესხით სარგებლობისათვის, საიჯარო ქირა, ხელფასი და ა.შ. ვალდებულებები ჯგუფდება დაფარვის ვადების მიხედვით მოკლევადიან (მიმდინარე) და გრძელვადიან ვალდებულებებად. მოკლევადიანია ვალდებულება, თუ მისი დაფარვა მოსალოდნელია მიმდინარე საწარმოო ციკლის ან წარმოქმნის თარიღიდან სრული 12 თვის განმავლობაში. მათი დაფარვა არსებული საბრუნავი აქტივებით ან ახალი მიმდინარე ვალდებულებების წარმოქმნით ხდება.
ყველა ვალდებულება, რომელიც მიმდინარედ ანუ მოკლევადიანად არ იქნება მიჩნეული, გრძელვადიან ვალდებულებებს წარმოადგენს. ასეთებია, მაგალითად, გრძელვადიანი სესხები, გამოშვებული ობლიგაციები და სხვა. ობლიგაცია არის ემიტენტის (მისი გამომშვების) ფორმალური ვალდებულება, დაფაროს აღებული სესხი, ჩვეულებრივ, რამდენიმე წლის განმავლობაში.
საწარმოს აქტივებში მფლობელთა წილს საკუთარ კაპიტალს ანუ საწარმოს წმინდა ღირებულებას უწოდებენ. იგი ტოლია აქტივების ღირებულებას მინუს ყველა ვალდებულების საერთო თანხა. მაშასადამე, საკუთარი კაპიტალი არის ვალდებულებების დაფარვის შემდეგ საწარმოს განკარგულებაში დარჩენილი აქტივების ნაწილი. საკუთარი კაპიტალის სიდიდე აქტივებისა და ვალდებულებების სიდიდეზეა დამოკიდებული. საკუთარი კაპიტალი წარმოადგენს საწარმოს ვალდებულებას მისი მფლობელების წინაშე. საკუთარ კაპიტალს მიეკუთვნება: დამფუძნებელთა შენატანები, გაუნაწილებელი მოგება და მის საფუძველზე შექმნილი სარეზერვო კაპიტალი (ფონდები). სახელმწიფო საწარმოს დაარსებისთანავე გამოიყოფა საჭირო აქტივები ხანგრძლივი სარგებლობისათვის, მატერიალური და ფულადი ფორმით და ჩაიწერება ახლად დაარსებული საწარმოს წესდებაში. ასეთი წესით საწარმოზე მიმაგრებული აქტივების წყარო საწესდებო კაპიტალად იწოდება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, საწესდებო კაპიტალი ასახავს საწარმოში მისი მფლობელების მიერ დაბანდებულ აქტივებს. კომერციულ საფუძველზე ორგანიზებულ საწარმოებს, როგორც წესი, გააჩნიათ კოლექტიური ან კორპორაციული საკუთრება. მათი მესაკუთრე შეიძლება იყოს რამდენიმე იურიდიული ან ფიზიკური პირი, ან აქციონერთა კორპორაცია. საწარმოებს სამეურნეო საქმიანობის შედეგად შეიძლება დარჩეთ გაუნაწილებელი მოგება, რომელიც აგრეთვე, გამოიყენება წარმოების გასაფართოებლად და წარმოადგენს აქტივების წყაროს. გარდა აღნიშნულისა, საკუთარ წყაროების შემადგენლობაში შედის სარეზერვო კაპიტალი თუმცა მათ სპეციალური, მიზნობრივი დანიშნულება აქვთ და სხვა მიზნით მათი გამოყენება არ შეიძლება. რეზერვების შექმნა ზოგჯერ საწარმოს წესდებით ან საკანონმდებლო მოთხოვნებითაა გათვალისწინებული და მის დანიშნულებას მესაკუთრეებისა და კრედიტორების ზარალისაგან დაცვა წარმოადგენს. მართალია, საკუთარი და მოზიდული კაპიტალი, საერთოდ, საწარმოს კაპიტალის შემადგენელი ნაწილებია, მაგრამ შინაარსით ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან და აქედან გამომდინარე, ცალკე ჯგუფებად განიხილებიან. |
|