სარჩევი

2.2. ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება

საქართველოში

საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით 1999 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო "საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ". ამ კანონით განისაზღვრა ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მარეგულირებელი ორგანოების კომპეტენციები. კანონის თანახმად, საქართველო აღიარებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.

ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომლის კომპეტენციაა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ნორმების, წესების, შესაბამისი ინსტრუქციებისა და მითითებების შემუშავება და პრაქტიკაში დამკვიდრება. ფინანსთა სამინისტრო თანამშრომლობს ბუღალტერთა დამოუკიდებელ პროფესიულ ორგანიზაციებთან.

კერძო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების თვითრეგულირებას ახორციელებენ ბუღალტერთა დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაციები, საქართველოს პარლამენტთან არსებული შესაბამის კომისიასთან ერთად.

თანახმად კანონისა "ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ", სააქციო საზოგადოებები ვალდებული არიან ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტებით 2000 წლის 1 იანვრიდან, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, კომანდიტური საზოგადოებები, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და კოოპერატივები 2001 წლის 1 იანვრიდან.

ინდივიდუალურ მეწარმეს, მცირე საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტებით (მსს).

სარჩევი