სარჩევი

10.2. მაკორექტირებელი გატარებები

 

საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მიღებული (გამომუშავებული) ყველა შემოსავლისა და გაწეული ყველა ხარჯის ფინანსურ ანგარიშგებაში სწორად ასახვის მიზნით პერიოდის ბოლოს ხდება ანგარიშების კორექტირება (რეგულირება, დაზუსტება).

ანგარიშების კორექტირება საჭიროა შემდეგი მიზეზების გამო:

·         ზოგჯერ, საწარმო თანხას საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდებისათვის წინასწარ, მიწოდების ფაქტის მოხდენამდე ღებულობს. თუ საწარმომ საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) ღირებულება წინასწარ (ავანსად) მიიღო, აუცილებელია ვალდებულების წარმოქმნის დაფიქსირება  საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევაზე, ან მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიღებული ავანსის უკან დაბრუნებაზე. . . მიღებული ავანსები საწარმოსათვის დაუმსახურებელ, გამოუმუშავებელ შემოსავალს, ანუ ვალდებულებას წარმოადგენს.

·         ასევე, საწარმოს შეუძლია წინასწარ გადაიხადოს თანხა მომავალ პერიოდებში საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) მოწოდებისათვის. ასეთი წინასწარი გადახდა საწარმოსათვის აქტივს, მოთხოვნას წარმოადგენს, გაცემული ავანსების სახით. გაცემული ავანსები საწარმოს საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) მიღების, ან გაცემული ავანსის თანხის უკან დაბრუნების უფლებას აძლევს.

·         მიღებული ავანსების საწინააღმდეგო სიტუაცია იქმნება, როდესაც საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდება უკვე მოხდა, მაგრამ მისი ღირებულება ჯერ არ არის მიღებული. .. წარმოიქმნა აქტივი _ მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება), ანუ მისი მომავალ პერიოდში ანაზღაურების უფლება.

·         ასევე, შეიძლება წარმოიქმნას გაცემული ავანსების საწინააღმდეგო სიტუაცია, როდესაც საქონელი (სამუშაოების, მომსახურების) მიღებული და საწარმოს მიერ უკვე გამოყენებულია მაგრამ მისი ღირებულება ჯერ გადახდილი (ანაზღაურებული) არ არის. მომავალ პერიოდში მისი გადახდის აუცილებლობა ვალდებულებას წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას წინ უნდა უსწრებდეს შემოსავლებისა და ხარჯების, აქტივებისა და ვალდებულებების დაზუსტება, რაც კორექტირებების გზით მიიღწევა. კორექტირებადი გატარებების აუცილებლობა შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი შემთხვევებიდან, რომელიმეს არსებობისას:

1.     ავანსის მიღება _ მომავალში საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდების პირობით;

2.    წინასწარი გადახდა _ მომავალში საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) მოწოდების პირობით;

3.    საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდება _ მისი ღირებულების გადახდამდე;

4.    საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) მიღება/გამოყენება _ მისი ღირებულების გადახდამდე.

კორექტირებადი ჩანაწერების გადატანისას შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ანგარიშების გახსნა. ასეთი ანგარიშები საჭიროების მიხედვით გაიხსნება და მათში ჩვეულებრივ, მთავარი ჟურნალიდან გადაიტანება  რეგისტრირებული კორექტირებადი გატარება.

 სარჩევი