სარჩევი

10.1. კორექტირებები, მათი აუცილებლობა

 

ბუღალტრული აღრიცხვა ფინანსური ინფორმაციის სისტემატურ რეგისტრაციასა და ამ ინფორმაციის მომხმარებლებამდე დაყვანას ემსახურება. ამ პროცესის პირველი ნაწილი, ფინანსური ოპერაციების სისტემატური რეგისტრაცია, უკვე განვიხილეთ. სანამ ფინანსური ინფორმაცია მომხმარებლებს მიეწოდება მისი კორექტირებაა საჭირო. კორექტირება განსაკუთრებით ყველა იმ ანგარიშს ეხება, რომელიც საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგების (ზარალის) გაანგარიშებასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, როგორც წესი, კორექტირებები ყოველი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს ხდება.

საწარმოს ფინანსური მდგომარეობა უტყუარად მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ფინანსურ ანგარიშგებაში საანგარიშგებო პერიოდის ყველა რეალური შემოსავალი და ხარჯია ასახული ცხადია, აღნიშნული განმარტება ეჭვს არ უნდა იწვევდეს და ფინანსური ანგარიშგება სწორედ ასე უნდა იყოს მომზადებული, მაგრამ დარიცხვის მეთოდი, რომლის მიხედვითაც საანგარიშგებო პერიოდის ყველა შემოსავალი და ხარჯი დაუყოვნებლივ აისახება, ყოველთვის არ ყოფილა  აღრიცხვის გავრცელებული მეთოდი. აღრიცხვის საკასო მეთოდი, რომლის გამოყენების დროსაც შემოსავალი ფულის მიღებისას, ხოლო ხარჯი - გადახდისას აღიარდება, იყო და ზოგ შემთხვევაში კვლავაც რჩება ფინანსური ინფორმაციის ასახვის სრულიად მისაღებ მეთოდად. .. არსებობს შემოსავლებისა და ხარჯების  აღრიცხვის საკასო და დარიცხვის მეთოდი.

      დღეისათვის, აღრიცხვის აღნიშნული მეთოდებიდან უპირატესობა დარიცხვის მეთოდს ენიჭება და იგი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით, ფინანსური ანგარიშგების მომზადების ერთ ერთ საწყის წინაპირობად და უმნიშვნელოვანეს დაშვებად ითვლება.

      დარიცხვის მეთოდი შემოსავლის აღიარებას ძირითადი პროცესის დამთავრებისთანავე ახდენს. როგორც წესი, ეს საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდებისას ხდება, როდესაც სათანადო დოკუმენტით გამყიდველი (მიმწოდებელი) საკუთრების (განკარგვის) უფლებასა და მასთან დაკავშირებულ რისკებს მყიდველს (მიმღებს) გადასცემს. ანალოგიურად რეგისტრირდება ყველა ხარჯი, შესაბამის მომენტში, როგორც წესი, საქონლის (სამუშაოების, მომსახურების) გამოყენებისას.

      სწორედ დარიცხვის მეთოდის გამოყენება, საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში შემოსავლებისა და ხარჯების დარიცხვის მეთოდით ასახვა, აუცილებელს ხდის ფინანსური ანგარიშგების მომზადებამდე დაზუსტდეს მისი ელემენტები. ეს კი, საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს კორექტირებადი გატარებებით ხდება.

 

 სარჩევი