1.3. ბუღალტრული აღრიცხვის არსი, მიზანი, ამოცანები
ბუღალტრული აღრიცხვა სამეურნეო სუბიექტის ფინანსური ინფორმაციის შეგროვების, გაზომვის, დამუშავებისა და გადაცემის სისტემას წარმოადგენს. იგი ენაა, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია მის მომხმარებლებს გადაეცემა. მსოფლიო პრაქტიკით, ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი მიზანი საბაზრო ურთიერთობების ყველა მონაწილისათვის ინფორმაციის მიწოდებაა. ბუღალტრული აღრიცხვა შეგროვილ და დამუშავებულ ფინანსურ ინფორმაციას ფინანსურ ანგარიშგებაში განაზოგადებს და მიაწოდებს მომხმარებლებს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ზოგჯერ ბუღალტრულ აღრიცხვას ანგარიშწარმოებასთან აიგივებენ. რაც ასე არ არის. ანგარიშწარმოება ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ოპერაციათა რეგისტრაციის, ინფორმაციის შენახვის მრავალგზის განმეორებადი პროცესია და ბუღალტრული აღრიცხვის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ბუღალტრული აღრიცხვა ფინანსური ინფორმაციის მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნას, ინფორმაციის ანალიზს, ინტერპრეტაციებსა და განზოგადებას გულისხმობს. ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი დამახასიათებელი თავისებურებაა სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი ისეთი ცვლილებებისÓ ასახვა, რომელთა გამოხატვა ფულადი საზომი ერთეულით შეიძლება. ის, რაც ფულადი საზომით არ გამოიხატება, ბუღალტრულ აღრიცხვას არ ექვემდებარება. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ბუღალტრული აღრიცხვა არ იყენებდეს ნატურალურ ან შრომით საზომ ერთეულებს. პირიქით, ბუღალტრული აღრიცხვა პირველ ეტაპზე სამეურნეო საქმიანობაში მომხდარ ცვლილებებს სწორედ აღნიშნული საზომებით ასახავს, შემდეგ კი მათ განზოგადებას ფულადი საზომის გამოყენებით ახორციელებს. ბუღალტრული აღრიცხვის თავისებურებაა ისიც, რომ იგი სამეურნეო საქმიანობაში მომხდარ ცვლილებებს განსაკუთრებული წესით გაფორმებული დოკუმენტების, ანუ საბუთების საფუძველზე ასახავს. ამდენად, ბუღალტრული აღრიცხვა დოკუმენტური აღრიცხვაა. ბუღალტრული აღრიცხვა იყენებს მხოლოდ მთლიანი დაკვირვების მეთოდს. მას არ შეუძლია გამოიყენოს ნაწილობრივი დაკვირვების მეთოდი, რასაც სტატისტიკური აღრიცხვა მიმართავს. ამიტომ ბუღალტრული აღრიცხვა მთლიანი აღრიცხვაა. ბუღალტრული აღრიცხვა უწყვეტია დროში. მან უნდა ასახოს ყოველგვარი სამეურნეო ცვლილება. სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი რომელიმე ცვლილების აუსახავად დატოვება დაუშვებელია. არ შეიძლება ამგვარი ცვლილებები ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახოს ერთ დღეს, და არ აისახოს მეორე, მესამე დღეს და ა. შ. აღნიშნული თავისებურებები არ ახასიათებს აღრიცხვის სხვა სახეს, მაგალითად, სტატისტიკურს. სტატისტიკური აღრიცხვა, მაგალითად, მოსახლეობის დემოგრაფიულ ცვლილებებს შეისწავლის პერიოდულად, რამდენიმე წელიწადში ერთხელაც კი. აღრიცხვის ასეთი მეთოდი ბუღალტრული აღრიცხვისათვის მიუღებელია და ამდენად, ბუღალტრული აღრიცხვა ქრონოლოგიური აღრიცხვაა. ბუღალტრული აღრიცხვა სამეურნეო საქმიანობაში მომხდარ ცვლილებებს ასახავს ურთიერთკავშირში. მაგალითად, როდესაც საწარმოს სალაროში მიღებულია 1000 ლ., ბუღალტრულმა აღრიცხვამ, ჯერ ერთი, უნდა ასახოს,Lრომ სალაროში 1000 ლარია მიღებული და, მეორე, საიდან იქნა მიღებული ეს თანხა სალაროში, რა არის მისი წყარო. მაშასადამე, ბუღალტრული აღრიცხვა სამეურნეო საქმიანობაში მომხდარ ცვლილებებს ორმაგი ასახვის მეთოდის საფუძველზე ე.ი. სისტემურად აღრიცხავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვა სამეურნეო საქმიანობაში მომხდარ ცვლილებებს ასახავს, როგორც ქრონოლოგიურად (დროის ქრონოლოგიური თანამიმდევრობის მიხედვით), ისე სისტემურად (ე. წ. ანგარიშთა სისტემის გამოყენებით), რაც არ წარმოადგენს დამახასიათებელს სამეურნეო აღრიცხვის დანარჩენი სახეებისათვის. ბუღალტრულ აღრიცხვას დიდი მნიშვნელობა აქვს საწარმოს (ფირმის) ხელმძღვანელობისა და მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად. ბუღალტრული აღრიცხვა საწარმოს (ფირმის) სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი ცვლილებების პირველადი დაკვირვების, ანალიზის, შეფასების, აღიარებისა და მომხმარებლებზე მიწოდების საშუალებას იძლევა. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები უნდა იყოს სწორი, უტყუარი, დროულად ასახავდეს მეურნეობის საქმიანობაში მომხდარ ყოველგვარ სამეურნეო ცვლილებას, რომლებიც ამავე დროს, ცხადია, სათანადო წესით გაფორმებული დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვა არის: · საინფორმაციო სისტემა, რომელიც თავს უყრის ფინანსურ ინფორმაციას სამეურნეო სუბიექტის შესახებ; · ეკონომიკური მონაცემების შეგროვების, შეფასების, განზოგადებისა და გაფორმების სისტემა; · მისი მონაცემები აუცილებელია შეზღუდული რესურსების ეფექტური გამოყენებისათვის.
|