1.2. სამეურნეო აღრიცხვის სახეები
არსებობს სამეურნეო აღრიცხვის სამი სახე: ოპერატიულ-ტექნიკური აღრიცხვა, სტატისტიკური აღრიცხვა და ბუღალტრული აღრიცხვა. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მაჩვენებელთა წრით, აღრიცხვის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით და შეისწავლიან ეროვნული მეურნეობის განვითარების ამა თუ იმ მხარეს. თითოეული სახის აღრიცხვას აქვს თავისი კონკრეტული ამოცანა. თითოეული მათგანი, ძირითადად, საკუთარი მეთოდებითა და ხერხებით სარგებლობს და თავის განსაკუთრებულ და განსხვავებულ როლს ასრულებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული სახის აღრიცხვა ერთმანეთისაგან მოწყვეტილად, დამოუკიდებლად არსებობს, ისინი ერთიანი სამეურნეო აღრიცხვის შემადგენელი ნაწილებია. სამეურნეო აღრიცხვის სამივე სახე ერთმანეთს ავსებს და გამოიყენება როგორც მიკრო, ისე მაკრო დონეზე. ოპერატიულ-ტექნიკური აღრიცხვა სამეურნეო ოპერაციებსა და მოვლენებს ასახავს მათი მოხდენისთანავე, სამეურნეო საქმიანობის განხორციელების პროცესშივე. ამიტომ იგი ცნობებს იძლევა სამეურნეო საქმიანობის ყოველდღიური, ოპერატიული ხელმძღვანელობისათვის. ოპერატიული აღრიცხვის დროს სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი ყოველგვარი ცვლილება დაუყოვნებლივ აისახება და ფორმდება სათანადო წესით. ოპერატიულ-ტექნიკური აღრიცხვა არ არის საყოველთაო, მთლიანი. იგი მხოლოდ მეურნეობაში მომხდარი ცალკეული ცვლილებების ასასახავად გამოიყენება. ოპერატიულ-ტექნიკურ აღრიცხვას აღრიცხვის რაიმე წინასწარ ჩამოყალიბებული მეთოდი არ გააჩნია, იგი მარტივია, ამავე დროს სწრაფი და სწორედ ამიტომ არის მისი მაჩვენებლები მმართველობისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ოპერატიულ-ტექნიკური აღრიცხვა იყენებს სამივე სახის საზომ ეთეულს: ნატურალურს, შრომითს და ფულადს, იმისდა მიხედვით, თუ კონკრეტულ შემთხვევაში რომელი საზომის გამოყენებაა ხელმისაწვდომი და შესაძლებელი. მაგალითად, ოპერატიული აღრიცხვა გვაწვდის ცნობებს მუშაკთა სამუშაოზე გამოცხადების, სამუშაო დროის გამოყენების, მიღებული და დახარჯული მასალების რაოდენობისა და ნაირსახეობის, გამომუშავებული ან დახარჯული ელექტროენერგიის შესახებ და ა. შ. ოპერატიულ-ტექნიკური აღრიცხვა ცალკეული ცვლილებების ასასახავად, რა თქმა უნდა, იყენებს ფულად საზომ ერთეულსაც, მაგრამ არა როგორც განმაზოგადებელს, რომელიც სხვადასხვა ხასიათის ცვლილებების განზოგადებულად ასახვის საშუალებას იძლევა. ოპერატიულ-ტექნიკური აღრიცხვა სამეურნეო საქმიანობაში მომხდარ ცვლილებებს ადგილზევე ასახავს, ე. ი. მისი მოქმედების არე სამუშაო ადგილით შემოიფარგლება. ოპერატიული აღრიცხვა არ მოითხოვს აბსოლუტურ სიზუსტეს, ასევე, ყოველთვის არ არის აუცილებელი მომხდარი ცვლილებების დოკუმენტებით გაფორმება. ოპერატიული აღრიცხვის მონაცემების გადაცემა შეიძლება ზეპირად, ელექტრონული ფოსტით და ა. შ. აღრიცხვის ამ სახეს ტექნიკურს უწოდებენ, ვინაიდან მონაცემების მოპოვება შეიძლება არა მარტო ხელით, არამედ ტექნიკური საშუალებების, მაგალითად, მრიცხველებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით. სტატისტიკური აღრიცხვის ამოცანაა საზოგადოებრივი მოვლენების, პროცესების, საგნებისა და ფაქტების შესახებ სტატისტიკური ცნობების მოპოვება განზოგადებული დასკვნებისათვის. სტატისტიკა არის დამოუკიდებელი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კონკრეტულ საზოგადოებრივ-ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მხარეს, თვისებრივ მხარესთან მჭიდრო კავშირში. სტატისტიკური აღრიცხვა ისეთი მასობრივი საზოგადოებრივი მოვლენების შესწავლის საშუალებას იძლევა, როგორიცაა: მოსახლეობა, მისი დინამიკა, შემადგენლობა; საზოგადოებრივი პროდუქტის წარმოება და მოხმარება; პროდუქციის თვითღირებულება, პროდუქციის გამოშვება და მისი რეალიზაცია; მოსავლიანობა და საშუალო მოსავალი ერთ ჰექტარზე და სხვა. სტატისტიკური აღრიცხვა თავისი საგნის შესასწავლად იყენებს სპეციალურ ფორმებსა და მეთოდებს. ამათგან აღსანიშნავია: მასობრივი დაკვირვება (როგორც მთლიანი, ასევე ნაწილობრივი), თავმოყრა, დაჯგუფება, საშუალო და შეფარდებითი სიდიდეების, ინდექსების, დინამიკური მწკრივების გამოყენება, გრაფიკული გამოსახვის მეთოდი და სხვა. სტატისტიკური აღრიცხა იყენებს სამივე სახის საზომ ერთეულს, მაგრამ მსგავსად ოპერატიულ-ტექნიკური აღრიცხვისა, ძირითადად, ნატურალურ და შრომით საზომ ერთეულებს. სტატისტიკური აღრიცხვის მეშვეობით შესაძლებელია მთელი ეროვნული მეურნეობის ან მისი ცალკეული დარგების განზოგადებული დახასიათება-ანალიზი, სამეურნეო საქმიანობის სისტემატური დაკვირვება და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური რეზერვების გამოვლენა. ბუღალტრული აღრიცხვა წარმოადგენს საწარმოს სამეურნეო საქმიანობისა და მისი ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, განზოგადებისა და წარდგენის საშუალებას. ბუღალტრული აღრიცხვა სამეურნეო საქმიანობაში მომხდარ ცვლილებებს, მათს შედეგებს შეისწავლის და ასახავს ურთიერთკავშირში.
|