1.1. სამეურნეო აღრიცხვა, მისი არსი და მნიშვნელობა
მატერიალური დოვლათის წარმოების, მოხმარებისა და დაგროვების მიზნით, ადამიანთა მიზანშეწონილ საქმიანობას სამეურნეო საქმიანობა ეწოდება. საზოგადოების განვითარების აუცილებლობამ, მატერიალური დოვლათის წარმოების Ìმართვის საჭიროებამ, სამეურნეო აღრიცხვის წარმოშობა განაპირობა. შესწავლა-გამოყენების მიზნით ადამიანთა ყოველგვარ საქმიანობაზე დაკვირვებას, მის რაოდენობრივ და თვისებრივ ასახვას აღრიცხვა ეწოდება. განუზომლად დიდია აღრიცხვის მასშტაბი. აღრიცხვას ექვემდებარება წიაღისეული სიმდიდრეები, დემოგრაფიული მონაცემები, შრომის საშუალებები, წარმოებული მატერიალური დოვლათი, საზოგადოებაში მომხდარი სოციალურ-კულტურული ცვლილებანი, თვით შრომის პროცესი და ა. შ. ქვეყნის ეროვნული მეურნეობა ცალკეული შემადგენელი რგოლების, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან შედგება. თითოეული მათგანი გარკვეულ სამეურნეო საქმიანობას ანხორციელებს. თვით ეს საქმიანობა მრავალი ცალკეული მოქმედებაა, რომლებიც რაოდენობრივ და თვისებრივ ასახვას საჭიროებს. ასე, მაგალითად, დასახული მიზნის შესასრულებლად თითოეული საწარმო იძენს ნედლეულს, მასალას, საქონელს, ამ დროს მცირდება ამ საწარმოს ფულადი საშუალებები, იზრდება ნედლეულისა და მასალების, საქონლის ოდენობა საწარმოს საწყობში. სამეურნეო საქმიანობით გამოწვეული ცვლილებების ასასახავად საჭიროა მათი გაზომვა. თუ რიცხვებით გამოვსახავთ, იგივე ცვლილება შეიძლება ასე ავსახოთ: საწარმომ შეიძინა 100000 ლარის მასალები პროდუქციის დასამზადებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ავსახოთ სამეურნეო საქმიანობის შედეგად მომხდარი არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ თვისებრივი ცვლილებებიც. ერთი თვისების მქონე საშუალება, _ კერძოდ ფულადი, შეიცვალა მეორე თვისების მქონე საშუალებით _ მასალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეურნეო საქმიანობის პროცესში მომხდარი ცვლილებების გარკვეული საზომებით რიცხვობრივ ასახვას და თვისებრივ დახასიათებას, მისი შესწავლის, გამოყენებისა და კონტროლის მიზნით, სამეურნეო აღრიცხვა ეწოდება. სამეურნეო აღრიცხვა, წარმოადგენს რა სამეურნეო საქმიანობაზე დაკვირვების შედეგების ასახვის სისტემას, საწარმოს სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი ყოველგვარი რიცხობრივი თუ თვისებრივი ცვლილებების შესაბამისი საზომი ერთეულებით გაზომვას მოითხოვს. სამეურნეო პროცესის შედეგად მომხდარი ყოველგვარი ცვლილებების ასასახავად ერთი და იმავე საზომი ერთეულის გამოყენება შეუძლებელია. სამეურნეო საქმიანობაში მომხდარი სხვადასხვა ცვლილების ასასახავად განსხვავებული საზომი ერთეულია საჭირო. ეს კი დამოკიდებულია თვით ამ ცვლილების სახეობაზე. სამეურნეო აღრიცხვაში, ძირითადად, გამოიყენება სამი სახის საზომი: ნატურალური, შრომითი და ფულადი. ნატურალური საზომი ერთეულის გამოყენებით ესა თუ ის საშუალება, მისი ცვლილება გამოისახება ნატურალური, ფიზიკური ერთეულებით. ნატურალურ საზომ ერთეულებს მიეკუთვნება რაოდენობის, ზომის, წონის და სხვა ისეთი საზომი ერთეულები, როგორიცაა: კილოგრამი, ცენტნერი, ტონა, ლიტრი, დეკალიტრი, ცალი, წყვილები, მეტრი, კილომეტრი და ა.შ. ნატურალური საზომი ერთეულების გამოყენებით განისაზღვრება ამა თუ იმ კონკრეტული სახის საშუალებების ნატურალური მოცულობა. იგი გვეხმარება ასევე, კონკრეტული სახით ვაწარმოოთ მათი მოძრაობის აღრიცხვა, რაც მათზე კონტროლის გაძლიერებისა და მართვის საშუალებას იძლევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნატურალური საზომი ერთეულების გამოყენებას სამეურნეო აღრიცხვაში დიდი მნიშვნელობა აქვს. დახარჯული შრომის რაოდენობისა და ხარისხის გასაზომად სამეურნეო აღრიცხვაში გამოიყენება შრომითი საზომი ერთეულები. შრომითი საზომი ერთეულების გამოყენება შრომის დისციპლინის დაცვის, ნორმირებული დროის გამოყენების კონტროლის, აგრეთვ, შრომის ანაზღაურების განსაზღვრის საშუალებას იძლევა. შრომითი საზომი ერთეულის საფუძველზე ხდება ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლის გაანგარიშება და აღრიცხვა, როგორიცაა შრომის ნაყოფიერება და ა. შ. შრომით საზომ ერთეულებს მიეკუთვნება შრომადღე, კაცდღე, შრომასაათი, კაცსაათი, რომელთა მეშვეობით იზომება დახარჯული შრომის რაოდენობა, ხარისხი და შრომის ანაზღაურების განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენენ. მიუხედავად ნატურალური და შრომითი საზომი ერთეულების დიდი მნიშვნელობისა, მათი გამოყენების სფერო შეზღუდულია და ყოველთვის შეუძლებელია. შეუძლებელია სხვადასხვა ფიზიკური თვისებების მქონე საგანთა განზოგადება ნატურალური საზომი ერთეულით. ამიტომ, საწარმოს სამეურნეო საქმიანობის მთლიანი სურათის მისაღებად, სხვადასხვა თვისებების მქონე საგნების განსაზოგადებლად, გამოიყენება ფულადი საზომი. ფულადი საზომი ერთეულის გამოყენება საშუალებას იძლევა ყველა სახის, განსხვავებული თვისებების მქონე საგნებიც კი შეფასდეს ფულით, ანუ გამოისახოს ღირებულებითი საზომით. საქართველოში ფულადი საზომი ერთეულია ლარი. მართალია, ფულადი საზომით შეიძლება ყველა სახის, განსხვავებული თვისებების მქონე საგნების შეფასება და განზოგადებულად აღრიცხვა, მაგრამ ფულადი საზომი ერთეულის გამოყენება სრულიად არ გამორიცხავს ნატურალური და შრომითი საზომების გამოყენებას, პირიქით, დაკავშირებულია მათთან. ამრიგად, სამეურნეო საქმიანობის ასასახავად აღრიცხვაში გამოიყენება სამივე სახის საზომი ერთეული _ ნატურალური, შრომითი და ფულადი, თუმცა ამათგან განმაზოგადებელია, საყოველთაოა ფულადი საზომი.
|