თავი 1. ASP.NET-ის ცნება და გამოყენების არეალი
განასხვავებენ სტატიკურ და დინამიკურ Web-გვერდებს. სტატიკური Web-გვერდის შინაარსი არ იცვლება გვერდზე მიმართვის დროს. დინამიკური Web-გვერდის შინაარსი მუდმივ განახლებას განიცდის, მაგ., ინფორმაცია ამინდის, ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების კოტირების შესახებ და სხვა. მომხმარებელს საშუალება ეძლევა დაუკვეთოს სასურველი საქონელი, დაათვალიეროს ინფორმაცია მომწოდებლების შესახებ, გამოიანგარიშოს საბაჟო გადასახადები და სხვა. ASP.NET ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მინიმალური დროითი და შრომითი დანახარჯებით შეიქმნას ასეთი Web-გვერდები, Web-საითი.
დინამიკური Web-გვერდის შესაქმნელად ASP.NET საშუალებას იძლევა კომბინირებულ იქნეს სტანდარტული HTML ელემენტები (ცხრილები, ტექსტი, ფორმატიზაციის ელემენტები და სათაურის ტეგები) და მართვის ელემენტები: Label, DataGrid, GridView, TextBox და სხვა, აგრეთვე პროგრამული კოდი, რომლის გენერირება ხორციელდება გარკვეული მოვლენის დადგომისას. მომხმარებელი თავისი ბროუზერის საშუალებით მიმართავს ASP.NET გვერდს, რომლის კომპილაციის შემდეგ (თუ კომპილირებული არ არის, ხორციელდება მისი კომპილაცია) გვერდები გამოიტანება მომხმარებლის კომპიუტერზე. კომპილატორი ამუშავებს გვერდს, მართვის ელემენტებს გარდაქმნის სტანდარტულ HTML ტეგებად და ტექსტად. საშედეგო გვერდი არ შეიცავს კოდებს, მართვის ელემენტებს და შეიძლება დათვალიერებულ იქნეს ნებისმიერ ბროუზერში.
კლიენტის მხარეს შეიძლება კომპილატორის მიერ გენერირებული პროგრამული კოდის შემჩნევა, რომლითაც მყარდება კლიენტის ურთიერთობა მონაცემების შეტანის დროს, მაგ., ტექსტურ ველში მონაცემების შეტანის კონტროლი.