შ ე ს ა ვ ა ლ ი

 დღეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა კომპიუტერით, პირველ რიგში, საოფისე პროგრამებით (Word, Excel) სარგებლობა,  ინტერნეტით ტექსტური, გრაფიკული, აუდიო და ვიდეოინფორმაციის გაგზავნა-მიღება, ვირტუალური ბანკის გამოყენება და სხვა. მაგრამ საოფისე პროგრამების ცოდნა საკმარისი აღარ არის სამუშაო ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებისთვის. საჭიროა უფრო მეტი – სტატიკური და ინტერაქტიული Web-გვერდების, Web-საითის შექმნის ტექნიკის და ტექნოლოგიის დაუფლება.

ნებისმიერი Web-გვერდი წარმოადგენს ტექსტის, გრაფიკის, ანიმაციის ერთობლიობას. 2005 წლიდან ხელმისაწვდომი გახდა მინიმალური პროგრამული კოდით ინტერაქტიული Web-გვერდის შექმნაც, რისთვისაც   გამოიყენება Microsoft-ის მიერ შემუშავებული პროგრამა FrontPage. იგი MS Office-ის შემადგენელი ნაწილია. Web-გვერდში მოსათავსებელი ანიმაციები ძირითადად პროგრამული პაკეტის FlASH MX  გარემოში იქმნება. ანიმაციების გარდა, საითში დამოუკიდებელი გვერდის სახით ანიმაციური მოხსენების თეზისების განთავსებაც შეიძლება. ასეთი მოხსენების შექმნა MS Office-ში არსებული პროგრამით Microsoft PowerPoint-ითაა შესაძლებელი. მარტივი მონაცემების ბაზის შექმნა Microsoft Access-ში სირთულეს არ წარმოადგენს. Visual Studio 2005-ში არსებული საშუალებებით შესაძლებელია ვიზუალური დაპროექტების რეჟიმში შეიქმნას ინტერაქტიული Web-გვერდი,  ანუ მონაცემების ბაზიდან ინტერნეტით ამოვარჩიოთ სასურველი ინფორმაცია, დავახარისხოთ, დავამუშაოთ და, თუ უფლება გვაქვს, შევიტანოთ ცვლილებები მონაცემების ბაზაში. ნაშრომში განხილულია Web-გვერდების, Web-საითის შექმნის ტექნიკა, ტექნოლოგია და აუცილებელი პროგრამული საშუალებები: FrontPage 2003, Flash MX 8, PowerPoint 2003, Visual Studio 2005.  იგი ორიენტირებულია   ფართო აუდიტორიისთვის. ნაშრომი ისეა აგებული, რომ Web-გვერდის შექმნა განხორციელდეს ვიზუალური დაპროექტების რეჟიმში პროგრამული კოდის გამოყენების გარეშე. ავტორები შეეცადნენ შეძლებისგვარად ნათლად, მარტივად წარმოედგინათ ნაშრომში განხილული საკითხები.

ლექციების კურსზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა ინტერნეტ-ტექნოლოგიების საკითხებისადმი მიძღვნილი რუსულ ენაზე გამოქვეყნებული რუსი და სხვა უცხოელი ავტორების ნაშრომები, აგრეთვე საკუთარი გამოცდილება,  მიღებული ცალკეული თემების სწავლების პროცესში. წიგნში ასახულია სილაბუსში  ,,ინტერნეტ-ტექნოლოგიები”   წარმოდგენილი თემები. ,,ინტერნეტ-ტექნოლოგიები” არჩევითი კურსია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებისთვის. აღნიშნული კურსი   პირველად იკითხება, ამიტომ, ჩვენი აზრით, იგი დაზღვეული არ არის ნაკლოვანებებისაგან.  შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ცალკეულ უზუსტობას, ზოგიერთი საკითხი სრულად არ იყოს გაშუქებული. ნებისმიერ საქმიან შენიშვნას და მოსაზრებას სიამოვნებით მივიღებთ და გავითვალისწინებთ.

1-ლი და მე-6 თავის, აგრეთვე მე-5 თავის მე-5 პარაგრაფის ავტორია ზურაბ მუნჯიშვილი, მე-2 თავის  ტატა წილოსანი, მე-3 თავის  გიული გუნავა, მე-4 თავის  თემური ლოსაბერიძე, ხოლო მე-5 თავის  რუსუდან სეთურიძე.