თავი 3. ანიმაციების შექმნა

 

3.1. FLASH-ტექნოლოგიის შესავალი

 

კომპანია Macromedia-ს პროდუქტი  –  Flash-ტექნოლოგია, ეფუძნება ვექტორულ გრაფიკას  ShockWave Flash ფორმატში (SWF). SWF-ის ფორმატი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ აპარატულ-პროგრამულ პლატფორმაზე. მის საფუძველზე შექმნილი გამოსახულებანი შეიძლება ანიმირებულ და გამდიდრებულ იქნენ ინტერაქტიული ელემენტებითა და ხმოვანი თანხლებით. 

Flash-ტექნოლოგიის შემადგენელია:

·        ვექტორული გრაფიკა;

·        ანიმაციის რამდენიმე სახის უზრუნველყოფა;

·        ინტერფეისის ინტერაქტიული ელემენტების შექმნა;

·        იმპორტირებულ გრაფიკულ ფორმატებთან ურთიერთმოქმედების შენარჩუნება;

·        ხმოვანი თანხლების სინქრონული ჩართვის შესაძლებლობა;

·        Flash-ფილმების HTML ფორმატსა და ინტერნეტში გამოყენებად, ნებისმიერ გრაფიკულ ფორმატში ექსპორტის შესაძლებლობანი;

·        პლატფორმისაგან დამოუკიდებლობა;

·        Flash-ფილმების დათვალიერების შესაძლებლობა როგორც ავტონომიურად, ასევე ინტერნეტ-ბროუზერებით;

·        ვიზუალური დამუშავების ინსტრუმენტების თანხლება.

 

 

გრაფიკა 

 

Web-გვერდების გრაფიკულ გაფორმებაში ლიდერობს რასტრული გრაფიკა. რასტრული გრაფიკის ფორმატია GIF-Graphics Interchange Format (მონაცემთა გაცვლის გრაფიკული ფორმატი), JPEG-Join Photographic Experts Group (გამოსახულებების ექსპერტების გაერთიანებული ჯგუფი) და PNG-Portable Network Graphics  (გადაადგილებადი გრაფიკული ფორმატი).

რასტრული გრაფიკის შემთხვევაში გრაფიკული გამოსახულება აიგება წერტილთა სიმრავლით Pixel (პიქსელებით). გამოსახულების მკაფიობა დამოკიდებულია პიქსელთა რაოდენობაზე. ეს კი მონიტორის ეკრანის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.

ვექტორული გრაფიკის საფუძველია გრაფიკული გამოსახულების შექმნა მიმმართველი წირების სიმრავლის საშუალებით, რომელთა მდებარეობა ნახატზე მათემატიკური ფორმულებით აღიწერება. მაგალითად, წრის არის აღსაწერად საკმარისია ცენტრის კოორდინატები, ხაზის სისქე, რადიუსი.   

 

ანიმაცია

ანიმაცია Flash-ფილმში გამოყენებულ ობიექტთა ცვლილებაზეა დამოკიდებული (მაგალითად, ფორმის, ზომის, ფერის, გამჭვირვალობის ხარისხის, ობიექტის ხილვადობის და ..).

Flash  განიხილავს ობიექტთა ანიმირების სამ მექანიზმს:

·        კადრობრივ ანიმაციას  –  ავტორი კადრების მიმდევრობას ქმნის, ან მათ იმპორტირებას ახდენს;

·        ავტომატურ ანიმაციას (tweened animacia)  –  ანიმაცია იქმნება ანიმაციის პირველი და ბოლო კადრით.  Flash ახდენს შუალედური კადრების გენერირებას.  ავტომატური ანიმაცია ორი ტიპისაა: ობიექტის  გადაადგილებაზე დაფუძნებული ანიმაცია (Motion Animation) და ობიექტის ტრანსფორმაციაზე (ფორმის შეცვლაზე) დაფუძნებული ანიმაცია (Shape animation);

·        სცენარზე დაფუძნებულ ანიმაციას  –  ობიექტის ყოფაქცევის აღწერა დაპროგრამების ActionScript ენაზე;

ინტერაქტიულობა

Flash-ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია ინტერაქტიული ფილმების შექმნა. Flash-ფილმის ინტერაქტიულობის რეალიზაცია, შესაბამისი მოქმედებების აღწერით, ActionScript  ენაზე ჩაწერილ ბრძანებათა მიმდევრობით (ინსტრუქციებით) მიიღწევა.

ინტერაქტიული შესაძლებელია იყოს ღილაკები,   ფილმის ფრაგმენტები, ცალკეული კადრები. მრავალი სტანდარტული მოქმედება ფილმის რაიმე ელემენტებს შეიძლება დაენიშნოს უშუალოდ, ActionScript ენაზე პროგრამირების გარეშე, კერძოდ: სტანდარტული ფილმის გაშვება და მისი შეწყვეტა, ხმოვანი  თანხლების ჩართვა და გამორთვა, გადასვლა მოცემული URL-ით და სხვა

ხმა (ბგერა)

Flash სთავაზობს მომხმარებელს ფილმში ხმის გამოყენების რამდენიმე საშუალებას. შესაძლებელია ხმოვანი თანხლება, რომელიც უწყვეტად გახმოვანდება, ფილმის სიუჟეტისა და მომხმარებლის მოქმედებებისაგან დამოუკიდებლად.

ალტერნატიული ვარიანტია ანიმაციისა და ხმოვანი თანხლების სინქრონიზება, მეტი ინტერაქტიულობის მიზნით, ღილაკებისათვის ბგერების დანიშვნა, სცენარის  ხმოვანი თანხლების მართვა ActionScript-ის საშუალებით.

Flash-ში გათვალისწინებულია ხმოვანი თანხლების ორი ტიპი: მოვლენობრივ-მართვადი (event sound) და ნაკადური (stream sound).

 

Web-გვერდების შექმნა

Flash-ტექნოლოგიის გამოყენების ძირითადი დანიშნულებაა დინამიკური მრავალფეროვანი Web-გვერდების შექმნა. ბროუზერისათვის მისაღები Flash-ფილმის შექმნის ორი საშუალება არსებობს:

·        SWF ფორმატში მისი შენახვა და შემდგომ თაგუნათი ფაილის ნიშნაკის გადათრევა ფაილის შემცველი საქაღალდის ფანჯრიდან ბროუზერის ფანჯარაში/სურ. 3.1/;

·        Flash-ფილმის HTML ფორმატში ექსპორტირება და შემდგომ ბროუზერში მისი გააქტიურება.

სურ. 3.1. ბროუზერის ფანჯარაში SWF-ფაილის გააქტიურება

Flash-ფილმის HTML კოდში ჩანერგვა ActiveX ელემენტების გამოყენების ან Plug-in კომპონენტების ჩართვის ანალოგიურია. Internet Explorer ბროუზერისათვის ასეთი ჩანერგვა <OBJECT> ტეგით სრულდება, ხოლო Nerscape-ისათვის  –  <EMBED> ტეგით. ორივე ბროუზერისათვის ფილმის წვდომადობის მიზნით,  Flash-ფილმის HTML გვერდად კონვერტირებისას Flash ორივე ტეგის გენერირებას ახდენს. ფილმის ავტორს შეუძლია გაჩუმებით დაყენებული ტეგის ატრიბუტებით ან საკუთარი მნიშვნელობებით სარგებლობა.

  Flash-ფილმის Web-გვერდებად გამოყენების ვარიანტები მრავალფეროვანია:

·        ჩვეულებრივი ანიმაცია გვერდის ესთეტიკური მიმზიდველობის  გაზრდის მიზნით;

·    ანიმირებული ღილაკი მომხმარებლის მოქმედებაზე რეაგირებისათვის: თაგუნას მიმთითებლის გადაადგილება, კლავიშზე დაჭერა,  ფაილის ჩატვირთვა, ბროუზერის ახალი ფანჯრის გააქტიურება და ა.შ.;

·        ფორმა Web-გვერდების დამთვალიერებელთაგან მონაცემების მისაღებად;

·        სარეკლამო ბანერი  –  გვერდის ზედაპირზე „მოცურავე” ტექსტის ჩვენებისთვის.