Excel-ში არსებული ფინანსური ფუნქციებისა და  გადაწყვეტილების მიღების მოდელირების პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია ისეთი პროგრამული გარემოს შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს, აითვისოს და თავის ყოველდღიურ საქმიანობაში ისარგებლოს ავტომატიზებული ეკონომიკური გაანგარიშებებით, ჩაატაროს კომერციული პროექტების შედარებითი ანალიზი და მიიღოს გადაწყვეტილება.

ამოცანათა ამოხსნის დროს Excel-ში არსებული ფინანსური ფუნქციების და გადაწყვეტილების მიღების მოდელირების პროგრამების უშუალო გამოყენება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ეს პროგრამები ამოცანის ამოხსნის ალგორითმულ სტრუქტურაში ერთ-ერთ ფუნქციონალურ ბლოკს წარმოადგენენ. მომხმარებელმა უნდა მონახოს ამოცანის ალგორითმულ სტრუქტურაში ამ ბლოკის ადგილიიზრუნოს მის მრავალჯერად გამოყენებაზე და ამოცანის დანარჩენ ფუნქციონალურ ბლოკებთან მის ინფორმაციულ და პროგრამულ თავსებადობაზე. ცხადია, ამან   მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს შეიძლება შეუქმნას ზოგიერთი პრობლემა. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია, დაეხმაროს მომხმარებელს ამ სიძნელეების დაძლევაში.

ნაშრომი შედგება ორი თავის და დანართისგან: პირველ თავში წარმოდგენილია Excel-ში არსებული ყველა ფინანსური ფუნქცია. ნაჩვენებია ამ ფუნქციების დანიშნულება, გამოყენების ტექნიკა და ტექნოლოგია. ფინანსური ფუნქციების ჩაწერის სინტაქსი, მათი მნიშვნელობების გამოსათვლელი ფორმულები აღებულია [Овчаренко Е.К.,  Ильина О.П., Балыбердин Е.В.. Финансово-экономические расчеты в EXCEL.-2-е Изд. М., "Филинь",  1998, 180 с.]-დან და Excel-ში არსებული საცნობარო მასალებიდან. ამავე თავში განხილული ყველა ამოცანა, მათი გამოყენების ადგილის, დანიშნულების და სხვა პარამეტრების მიხედვით, შედგენილია ჩვენ მიერ. ამოცანები ისეა შერჩეული, რომ ისინი აღწერენ ტიპურ ეკონომიკურ სიტუაციებს

მეორე თავი ეძღვნება გადაწყვეტილების მიღების პროგრამების გამოყენების ტექნიკის, ტექნოლოგიის აღწერას. პროგრამების გამოყენებით ნაჩვენებია ინვესტიციათა ეფექტურობის, ეკონომიკური რისკების გამოთვლების შესრულება, ანალოგიური ამოცანების ამოხსნის რეკომენდაციები, კონკრეტული რჩევები და სხვა.

ნაშრომში განხილული ნებისმიერი ამოცანა ორი სახისაა: ამოცანები, რომელთა ამოსახსნელად მხოლოდ ერთი ფუნქცია გამოიყენება და ამოცანები, რომელთა ამოსახსნელად რამდენიმე ფუნქციის გამოყენებაა საჭირო.

დანართში მოცემულია ფუნქციების დასახელებები Office- რუსულენოვანი ვერსიისთვის და  აღწერილია საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშებების მეთოდები და ალგორითმები.

. . .