TSU Online
Geo | Eng

წინათქმა

ივირონის მონასტრის ბერძნული აქტების ოთხტომიანი კორპუსი, რომელიც 1985 – 1995 წწ-ში ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა პარიზში, ფაქტობრივად, ივირონის მონასტრის ისტორიის შესწავლის პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
ამ შესანიშნავ ნაშრომზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის წევრი ქალბატონი ელენე მეტრეველიც გახლდათ. მას წლების მანძილზე ამ ჯგუფთან ერთად შესაძლებლობა მიეცა ემუშავა პარიზის ბიზანტიის ისტორიისა და ცივილიზაციის ცენტრში დაცული  "ათონის არქივზე". ეს არქივი შეიცავს არა მარტო ბერძნულენოვან სამონასტრო აქტებს, არამედ ქართულ და სხვაენოვან წყაროებსაც. "ათონის არქივის" კვლევამ ქალბატონ ელენეს საშუალება მისცა, "შედარებით სრულად წარმოედგინა ივირონში მოღვაწე ქართველ მწიგნობართა
საქმიანობა, მათ შორის ისეთი მოღვაწეებისა, რომელთაგან ზოგი მეტ-ნაკლებად
ცნობილი იყო, ზოგიც – უცნობი". ქალბატონ ელენეს დიდი იმედი ჰქონდა, ვფიქობ, სამართლიანადაც, რომ ქართველთა "მოღვაწეობის წარმოჩენა ნაწილობრივ მაინც შეავსებდა იმ ხარვეზს, რომელიც არსებობს ათონის კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრის – ივირონის ისტორიის შესწავლის საქმეში".
ფრანგულ ენაზე "ივირონის აქტების” ოთხტომეულის გამოცემის დასრულების შემდეგ (1995 წ.) ეს ნაშრომი სხვადასხვა მიზეზთა გამო, სამწუხაროდ, თითქმის უცნობი დარჩა ქართული სამეცნიერო წრეებისათვის. ამ შესანიშნავი კორპუსის ოთხტომეულის ქართულ ენაზე გამოქვეყნებით  ჩვენ ამ ხარვეზის შევსებას შევეცადეთ.  "ივირონის აქტები" მხოლოდ ერთი მონასტრის ისტორია არ არის. ვფიქრობ, ეს გამოცემა ძალზე გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას არა მარტო შუა საუკუნეებში ქართულ-ბიზანტიურ ურთიერთობათა შესახებ, არამედ იგი უმნიშვნელოვანესი შენაძენი გახდება ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის
კვლევის საქმეში.
"ათონის აქტების" ქართულ ენაზე გამოცემას ვერ მოვახერხებდით, რომ არა ამ კორპუსის გამომცემელთა მთელი ჯგუფის დიდი დახმარება და გულწრფელი დაინტერესება, რათა ეს შესანიშნავი ნაშრომი ქართულ ენაზე გამოქვეყნებულიყო. ყოველივე ამის გამო ჩვენ უსაზღვროდ მადლიერი ვართ მათი.
"ათონის აქტების" ოთხტომეული ვერ მომზადდებოდა გამოსაცემად და ვერც დაისტამბებოდა, რომ არა "ქართუ" ფონდის ფინანსური დახმარება, რისთვისაც ჩვენი მადლიერება და დიდი პატივისცემა გვინდა გამოვხატოთ ამ ფონდისადმი.
დაბოლოს, ჩვენ, ქალბატონი ელენეს მოწაფეებს, დიდ სურვილი გვქონდა, რომ "ათონის აქტების" კორპუსის ქართული თარგმანი მისი დაბადებიდან 90-ე წლისთავისადმი  მიგვეძღვნა და ძალზე ბედნიერი ვართ, რომ ეს შევძელით.
თამილა მგალობლიშვილი
რედაქტორ-გამომცემელი

 

წინასიტყვაობა

თუ ”ივირონის აქტების” I ტომი გათვალისწინებულზე გვიან გამოიცა, ეს იმიტომ, რომ მასში შეტანილი საბუთები ძალიან ძველია, დროის ხელყოფა განიცადეს და მათი გადაწერა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.
1971 წ. ივირონის მონასტრის ხელმძღვანელებმა ნება დაგვრთეს, გადაგვეღო მათ არქივში დაცული ბიზანტიური საბუთები. საბუთების შემოწმება და შეჯერება არაერთხელ დაგვჭირდა, რასაც სრული გაგებით მოეკიდა მონასტრის ბიბლიოთეკარი, პროიღუმენი კალინიკოსი. ”ივირონის აქტების” გამოცემის მხარდაჭერისთვის მადლობას მოვახსენებთ მას, ისევე  როგორც მონასტრის ბერებს  - გულთბილი მასპინძლობისთვის.
მადლობას მოვახსენებთ ბატონებს,– ჰ. გ. ბეკს და პ. ვირთს, რომლებმაც ნება დაგვრთეს, გავცნობოდით ფ. დოელგერის მიერ 1941 წ. ივირონში გადაღებული საბუთების ფოტოებს;  ასევე, ათენის სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრის თანამშრომელს, ბ-ნ კ. ხრიზოხოიდისს, რომელმაც მოგვაწოდა ივირონში დაცული ზოგი დედანი საბუთის თანადროული ასლის ფოტოები.
თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტმა, რომელსაც ქ-ნი ელ. მეტრეველი ხელმძღვანელობს*, 1983 წლის ოქტომბერში თბილისში მოიწვია ერთ-ერთი ავტორი, რამაც საშუალება მოგვცა, გვესარგებლა მონასტრის ისტორიასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ქართული საბუთებით. სამეცნიერო კვლევათა ეროვნულმა ცენტრმა და კანადის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევის ცენტრმა დააფინანსეს ჩვენი მივლინებები ათონზე, კანადის ცენტრმა კი – ერთ-ერთი ჩვენგანის ყოფნა პარიზში სხვა ავტორებთან თანამშრომლობის მიზნით.
მადლობას მოვახსენებთ ბ-ნ პ. მილონასს (ათენი), რომელმაც ჩაატარა ღმრთისმშობლის ეკლესიის არქეოლოგიური კვლევა, რასაც ქვემოთ გაეცნობით, და მოგვაწოდა მონასტრისა და ეკლესიის გეგმები; ქ-ნ ც. ბიბილეიშვილსა და
ბ-ნ ე. გაბიძაშვილს (თბილისი) გაწეული დახმარებისა და კონსულტაციებისთვის; ქ-ნ ბერნადეტ მარტენს (პარიზი), რომელიც დაგვეხმარა საქართველოსა და ბიზანტიასთან მონასტრის ურთიერთობების შესწავლის საქმეში და მოგვაწოდა ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი "ეფთჳმეს ცხორების" მისეული თარგმანი; ქ-ნ ვასილიკი კრავარის (სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრი, პარიზი), რომელმაც ჩაიკითხა ხელნაწერი, მიგვითითა გაპარული შეცდომები და შეადგინა საძიებელი.
დაბოლოს, დიდად ვართ დავალებული ბ-ნ პ. ლემერლისგან, რომელიც მხარდაჭერას არ გვაკლებდა. მადლობას მოვახსენებთ მას სასარგებლო შენიშვნებისთვის.

შემოგვიერთდი
გამომცემლობა ©2012

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბოლო განახლება: 03 ნოე 17 19:58| გვერდების ნახვა: 767,975
Design: Elene Shengelaia; Development: Giorgi Javrishvili Tea Kharitonashvili