TSU Online
Geo | Eng
წინასიტყვაობა
ხალხური პოეზიის სიმშვენიერე და დიდ მნიშვნელობას ბევრი გრძნობდა ჩვენში, ბევრი კრებდა და ზოგჯერ აქვეყნებდა კიდეც ნიმუშებს სხვადასხვა კუთხიდან, მაგ-რამ მაინც ჯერჯერობით ცოტაა გაკეთებული ამ დარგში და, რაც გაკეთდა, ისიც გა-ფანტულია სხვადასხვა გამოცემაში, ძნელი მისაწვდომია ყველასათვის და ამის გამო დასაფასებლადაც ძნელია. კერძოდ, მთაც იქცევდა ამ მხრით ყურადღებას და იზი-დავდა მუშაკებს, რომლებიც ხალისით და ზოგჯერ დიდი სიყვარულითაც ეკიდე-ბოდნენ ამ საქმეს; მაგ., ხევსურულისათვის შეგვიძლია დავასახელოთ ნ. ურბნელი,
თ. რაზიკაშვილი, ბაჩანა, მოხეურისათვის _ ა. ყაზბეგი, ფშაურისათვის _ დ. ხიზანიშ-ვილი, გ. აფშინაშვილი, ვაჟა-ფშაველა, კვლავ
თ. რაზიკაშვილი; თუშურისათვის _ ი. ბუქურაული, ი. გომელაური და სხვები, მაგ-რამ ყველა ეს შეკრებილი ლექსები მხოლოდ შავი მასალაა, რომელსაც შემოწმება, შე-დარება და მეცნიერული დამუშავება ეჭირება, რომ შესაძლო გახდეს მათი სათანა-დოდ მოხმარება და გამოყენება.
ამ მიზნით განვიზრახე, რომ რევიზია მეყო და თავი მომეყარა პირველად მთელი მა-სალისათვის, რომელიც საქართველოს ერთ კუთხეს შეეხება, მთას, შემევსო ძველი ფონდი ჩემ და სხვათა მიერ ახალ-ჩანაწერი ნიმუშებით, დამერთო ახსნა-განმარტება-ნი და ლექსიკონი და ამგვარად შემოწმებულ-გაცხრილული, გამართული და დალა-გებული მიმეწოდებინა მკითხველისათვის, როგორც სანდო მასალა და ამით საფუძ-ველი დამედო ხალხური პოეზიის მეცნიერული გამოცემისათვის და გზა გამეკაფა ფართო და სერიოზული ფოლკლორისტული კვლევა-ძიებისათვის ჩვენში.
ხალხური პოეზია მთაში ოთხ ტომადაა განზრახული: პირველია ეს და შეიცავს ხევ-სურულ ლექსებს სათანადო ვარიანტებითურთ, მეორე იქნება ფშაური, მესამე _ და-ნარჩენი კუთხეებისა: თუშური, მოხეური და მთიულურ-გუდამაყრული, მეოთხეში კი მოთავსებული იქნება ნაწყვეტები ხალხური ვეფხისტყაოსნიდან, როსტომიანი-დან, ეთერიანიდან და სხვა, რაც მწიგნობრული თუ სხვა გზით არის გადასული ზე-და ფენებიდან და თავისებურად გადაკეთებული და გადასხვაფერებული ხალხში. იმავე ტომში იქნება მოქცეული ინდექსები საკუთარის (ადამიანთა და გეოგრაფიულის) სახელებისა, რომელიც ყველა ტომს ერთად ექნება გაკეთებული, ვრცელი გამოკ-ვლევა ლექსთა ფორმისა და შინაარსის შესახებ და აგრეთვე ენის მიმოხილვა გრამა-ტიკა-ლექსიკის თვალსაზრისით. ლექსიკონში შეტანილი იქნება ისეთი სიტყვებიც, რომელიც სადმე ლექსში შეიძლება არ გვხვდებოდეს, მაგრამ ჩემ მიერაა მთაში შეკრე-ბილი. შიგვე მოქცეული იქნება მთის მწერალთა ნაწერებიდან (ვაჟა-ფშაველას, ბაჩანას და ა. ყაზბეგის თხზულებათაგან) ამოკრებილი სიტყვებიც. ამის გამო ლექსიკონს ფართო მნიშვნელობა მიენიჭა და დიდ დახმარებას გაუწევს იმ გაცხოველებულ ტერმინოლოგიურ მუშაობას, რომელიც ჩვენში წარმოებს ამჟამად.
პირველ ტომში შესულია უმთავრესად ხევსურული მასალები. ხევსურულიო, რომ ვამბობ, იგულისხმება ხევსურებს შორის გავრცელებული და ხევსურისაგან გაგონი-ლი. წარმოშობით კი უეჭველია ზოგი მათგანი სხვა კუთხიდანაა: ფშავიდან, თუშეთი-დან, თუ სხვა მხრიდან. ამასთანავე ერთად, თუ ცნობილია ჩემთვის ლექსის ვარიან-ტი რომელიმე სხვა მხრიდან, იგიც მოყვანილია და ნაჩვენები შენიშვნებში. საზოგადოდ, ერთი რომელიმე ლექსის ვარიანტები ერთადაა მოთავსებული. ასეთი მეთო-დის წყალობით მკითხველს და მკვლევარს საშუალება ეძლევა, გაითვალისწინოს ლექსის სვე-ბედი მთელი მისი გავრცელებულობის არეზე და ადვილად წარმოიდგი-ნოს ყველა ის ცვლილებანი, რომლებიც განუცდია მას სხვადასხვა კუთხესა და სოცი-ალურ გარემოში მოხვედრის გამო. ამავე გეგმით იქნება გამოცემული დანარჩენი ტო-მებიც; მაგალითად, მეორეში ძირითადი ფშაურის ფონზე გაშლილი იქნება მთელი შედარებითი მასალა სხვადასხვა კუთხიდან და მათ შორის ხევსურეთიდანაც. ერთი სიტყვით, გამოცემის დროს სახელმძღვანელო აზრად მიღებულია, რომ მოცემულ იქნეს ამომწურავი ცნობები ხალხური პოეზიისათვის ამა თუ იმ კუთხის შესახებ, მაგრამ ისე კი, რომ თუ რომელიმე ლექსი რამოდენიმე ვარიანტადაა ცნობილი (იმ პირო-ბით კი, თუ თითოეული ამ ვარიანტთაგანი რაიმე ახალს გვაძლევს), ყველა ერთად იყოს თავმოყრილი. ამით საშუალება გვეძლევა ნათელი წარმოდგენა გვქონდეს რო-გორც თითოეული კუთხის შესახებ, ისე თითოეული ლექსის ვითარების შესახებაც. თავისთავად ცხადია, რომ ერთხელ დაბეჭდილი ვარიანტი სხვა ტომებში აღარ იქნება განმეორებული.           
ქართველ ტომებს მთაში ბევრი რამ აქვთ საერთო ერთმანეთთან და განსხვავებულიც ერთიმეორისაგან; მაგალითად, ხევსურები ბევრად განსხვავდებიან თავის მეზობლე-ბისაგან ენით, ჩაცმა-დახურვით, ზნე-ჩვეულებით, სარწმუნოებრივი შეხედულებით, თუ სხვით, მაგრამ ბევრი რამაც აერთებს მათ ფშავლებთან, თუშებთან, მოხევეებთან და მთიულ-გუდამაყრელებთან. პოეზიაში თავს იჩენს როგორც განკერძოებული და განსხვავებული, ისე საერთო ხასიათის მოვლენები. ამიტომაა, რომ ერთ რომელსამე ტომში წარმოშობილი სიმღერა-ლექსი ადვილად ვრცელდება დანარჩენებში. დ. ალბანელი აღნიშნავდა, რომ "საზოგადოდ, თუშ-ფშავ-ხევსურების სიმღერები დღეს ისე გადახლართულია ერთმანეთში, რომ მათი გარჩევა ძნელია, თუმცა ისიც უნდა ით-ქვას, რომ კერძო შემთხვევაში დარწმუნებით შეუძლიან კაცს ესა თუ ის სიმღერა მია-წეროს ერთ-ერთ მათგანს"-ო (კვალი, 1897, #13). რადგანაც, მაშასადამე, მთის პოეზია-ში ბევრია საერთო როგორც ფორმით, ისე შინაარსით, ამიტომ ვრცელი მიმოხილვა მთის ხალხური პოეზიისა მეოთხე ტომში იქნება მოცემული, ახლა კი რამოდენიმე სიტყვით შევეხები ამ ტომში მოთავსებულ ხალხურ პოეზიას.
ხალხური პოეზიაო, რომ ვამბობ, ვგულისხმობ ისეთ პოეზიას, რომელიც გაჩნდა, გან-ვითარდა და ტრიალებს სოფლის მუშა ხალხში, გლეხობაში, იმ სოციალურ წრეში, რომელიც შრომასა და ჯაფაშია და მეტწილად წერა-კითხვის უცოდინარია. ეს ის პოეზიაა, რომელიც ჩვეულებრივ ზეპირი გადაცემით ვრცელდება ერთი კაციდან მეორე-ზე და ძველი თაობიდან ახალზე. მისი შემნახავი და დამცველი მრავალ პირთა მეხ-სიერებაა და ეს არის მიზეზი, რომ მისი ფორმა და შინაარსი ცვალებადია და ადვი-ლად ეგუება ამა თუ იმ კუთხის გემოვნებას, თუ სოციალური ფენის მიდრეკილებას. ზეპირი გავრცელება ხალხური პოეზიისა, მისი უწიგნოდ დასწავლა და გადაცემა თავის დაღს ასვამს ტერმინოლოგიასაც: ლექსს ამბობენ (135, 41; 513, 11; 534, 15; 538, 12; 565, 1; 650, 6), იტყვიან (585, 2; 634, 1). ან ლექსის თქმა იციან (452, 15; 468, 1; 470, 46; 597,3), ამიტომ ლექსის შემთხზველს ეწოდება მათქვამი (ვარ. მოთქვამი, მათქომი, მოთქომი, მაგ., 80, 20; 103, 17; 104, 9; 128, 24; 136, 41; 162, 19; 186, 13; 194, 16; 196, 7; 204, 19; 249, 20; 351, 12; 777, 6; 778, 21 და სხვაგანაც), ან მთქმელი (455, 57; 477, 59; 541, 44), ან კიდევ მაუბარი (110, 18), მაგრამ ამ ძველი ტერმინების ნაცვლად ახალიც ჩნდება: მალექსებელი (135, 40; 164, 40; 165, 16 და ბევრგან სხვაგან), მალექსარი (325, 12; 448, 14; 467, 60); მელექსე (ვარ. მოლექსე , მაგ., 209, 35; 225, 63; 228, 44 და ბევრგან კიდევ), მეშაირე (222, 12), ან კიდევ ძველის გვერდით ახალი ჩნდება: პოეტისმოთქვამი (! 546, 36), ან პოეტი მათქვამი (608, 22). ლექსის თქმის ან გამოთქმის გარდა (224, 1; 514, 41; 568, 1) იციან გ ამოთვლაც, ან დათვლაც და აქედან ნაწარმოებია გ ჩამამთვლელი (135, 41; 454, 17; 456, 16; 469, 2). ლექს-სიმღერების უწიგნოდ გავრცელება შორს მანძილზე დ აბარებას გულისხმობს: გიბარა (217 ბ, 39; 602, 1); დაგიბარა (786, 1), დაგიბარებდათ (569, 8), დამიბარებავ (533,12), დაუბარებავ (210, 20; 350, 11; 359,28; 521, 30), "უთხარით ბესარიონსა დაბარებული ჩემია" (446, 1), თემებში დასაბარები (364, 2) და სხვ. გამო-ნაკლისის სახით შეიძლება მიწერაც იყოს (მოუწერავის : 564, 1), მაგრამ ეს ახალი მოვ-ლენაა.
ამ წიგნში შემოკრებილია ყველაფერი, რაც მოვძებნე და შევაგროვე წყობილ სიტყვად ასხმულ ნაწარმოებთაგან ხევსურეთში და რაც მხატვრული ფოლკლორის ერთ მთავარ ნაკადს შეადგენს.
შემოგვიერთდი
გამომცემლობა ©2012

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბოლო განახლება: 23 დეკ 19 12:09| გვერდების ნახვა: 2,086,155
Design: Elene Shengelaia; Development: Giorgi Javrishvili Tea Kharitonashvili